მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორია E-commerce-ის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივა საქართველოში? - G&T-ის კვლევა

მარიამ ჩახვაშვილი

ბოლო სამ წელში საქართველოში უცხოეთიდან გამოწერები მნიშვნელოვნად გაიზარდა, 50%-იანი ზრდაა ყოველწლიურად, რაშიც ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ჩინური პლატფორმა Temu-ა - ამის შესახებ "გალტ & თაგარტის" კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა მარიამ ჩახვაშვილმა განაცხადა.

მან "საქმიანი დილას" ეთერში ელექტრონული კომერციის სექტორის კვლევის შედეგებზე ისაუბრა.

"საკმაოდ დინამიური არის მთლიანობაში დინამიკა. ჩვენ ვაკვირდებით ორ ძირითად ქვესექტორს, ეს არის მომსახურების სექტორები, სადაც არის რესტორნიდან საკვების მიტანა, ტაქსის მომსახურება, ამანათების მიტანა და ბილეთების მიტანა. აქ შედარებით კარგი მდგომარეობა არის ელექტრონული კომერციის ნაწილში, მაღალი არის E-commerce პლატფორმების წილი. მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ როდესაც ვუყურებთ საქონლით ვაჭრობას - ტანსაცმლის, აქსესუარების შესყიდვას, ელექტროტექნიკას, საჭმლის გამოძახებას სურსათის მაღაზიებიდან და აფთიაქებიდან, აქ უცხოეთიდან გამოწერები ბევრად უფრო მეტი არის. დაახლოებით ბაზრის სამი მეოთხედი მოდის უცხოეთიდან გამოწერებზე და მხოლოდ დანარჩენი არის ადგილობრივ ბაზარზე.

ბოლო 7-8 წლის განმავლობაში გაათმაგებული არის ელექტრონული კომერციის ბაზრის ზომა. 2024 წელს იყო 3.5 მილიარდი ლარი და 4.7-მდე ავიდა 2025 წლის მდგომარეობით. აქედან ადგილობრივი მომსახურების სექტორი იყო 2024-ში 2.1 მილიარდი ლარი და 2.5-მდე ავიდა და დანარჩენი ნაწილი არის საქონლით ვაჭრობა, ოღონდ საქონლის ვაჭრობის ნაწილში 0.6 მლნ ლარი არის ადგილობრივი და 1.9 მლრდ ლარი არის უცხოეთიდან გამოწერა.

თვითონ ქვესექტორებს და პროდუქტებს რომ შევხედოთ, რამდენად მნიშვნელოვანი არის ელ-კომერცია სხვადასხვა სექტორისთვის რა თქმა უნდა, მომსახურების სექტორებში უფრო მაღალი არის ელ-კომერციის წილი. მაგალითად, ჩვენი დათვლით დაახლოებით 14-15% მთლიანი რესტორნების გაყიდვის მოდის ონლაინ პლატფორმებზე. აქედან უმეტესობა არის შუამავალი კომპანიები - იქნება ეს Glovo, Wolt, Yandex Delivery თუ Bolt Food.

მეორეს მხრივ, ყველაზე კარგად თითქოს ელ-კომერცია საქართველოში რითეილის ნაწილში არის ელექტროტექნიკაში. ყველაზე მაღალი წილი აქვს ადგილობრივ კომერციას ამ სექტორში - 6% არის ადგილობრივი ონლაინ გაყიდვების წილი მთლიანი სექტორის ბრუნვაში. მაგრამ უცხოეთიდან გამოწერებს ძალიან დიდი წილი აქვს ტანსაცმლის შემთხვევაში. ტანსაცმლის ბაზრის მთლიანი ზომა რომ ავიღოთ, ადგილობრივად რაც იყიდება მაღაზიაში, ონლაინ და უცხოეთიდან გამოწერები მთლიანობაში - აქედან 20% არის E-commerce. 18% არის უცხოეთიდან და მარტო 2% არის ადგილობრივად. ანუ ადგილობრივად სულ ორი კომპანია არის მე მგონი, რომელიც ბაზარზე ტანსაცმელს ყიდის. რა თქმა უნდა, არიან Facebook გადამყიდველები, რომლებსაც ჩვენ ვერ აღვრიცხავთ სტატისტიკაში, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ საკმაოდ დიდი არის მოცულობა უცხოეთიდან გამოწერების.

შემდგომი კატეგორია უცხოეთიდან გამოწერაში, ტანსაცმლის მერე, მოდის სახლის ნივთები და მცირე საოჯახო ელექტროტექნიკა. მერე არის უკვე პარფიუმერია და სხვა საქონელი.

კომპანიების დონეზე რომ შევხედოთ, რა თქმა უნდა, Temu არის ბაზრის უპირობო ლიდერი ბოლო სამ წელიწადში. 2023 წელს ნოლი იყო მისი პროცენტული წილი გაყიდვებში და 2025-ის პირველ ნახევარში ღირებულების 35% და რაოდენობის 50% უცხოეთიდან გამოწერების იყო Temu-ზე. წილობრივად ვხედავთ, რომ "ტრენდიოლს" წაართვა წილი, გარკვეულწილად Amazon-საც წაართვა წილი, AliExpress-ს და სხვა ჩინურ კომპანიებსაც",- ამბობს მარიამ ჩახვაშვილი.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა პროგნოზებზე, თუ რა ტენდენციებს უნდა ველოდოთ ელექტრონული კომერციის სექტორში მომდევნო 5 წლის განმავლობაში.

"მომსახურების სექტორი ვთქვით, რომ შედარებით დაბალი ტემპით გაიზრდება, იმიტომ რომ აქ უკვე გაჯერებული არის ბაზარი. თუმცა ტენდენციებს ვხედავთ, რომ ნელ-ნელა საკუთარ პლატფორმებზე გადადიან თუნდაც სარესტორნო ბიზნესი, ფასტ-ფუდები, სურსათის მაღაზიები და აქეთკენ წავიდა დინამიკა.

რითეილ სექტორში, მთლიანად საცალო გაყიდვების 8% არის დღეს ელექტრონული კომერცია. აქედან 6% არის უცხოეთიდან გამოწერები, 2.2% არის მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი. ჩვენ შევხედეთ რა დინამიკა იყო ევროკავშირში და ევროკავშირის საშუალო დაახლოებით მსგავსი დინამიკით არის - შეგვიძლია ვთქვათ, რომ სადღაც 8 წლით ჩამოვრჩებით იქაურ განვითარებას. დანარჩენი ტენდენციის დონეზე მივყვებით. ამიტომ ვთქვით, რომ ალბათ 5 წლის თავზე ვიქნებით იქ, სადაც დგას დღეს ევროპა და იქნება 13%-იანი წილი რითეილის გაყიდვებში. რა თქმა უნდა, თვითონ რითეილ სექტორიც გაიზრდება, იმედი გვაქვს, ადგილობრივი უფრო მეტი ტემპით, ვიდრე უცხოეთიდან გამოწერები. ამიტომ ჩვენ დაშვებაში გვაქვს, რომ ადგილობრივი ელ-კომერციის წილი ავა რითეილის 4%-ზე და უცხოეთიდან გამოწერები 9% იქნება.

რესტორნებისთვისაც გვგონია, რომ 20%-ზე ავა უკვე რესტორნების გაყიდვის. დღეს არის საკუთარი პლატფორმების შექმნის ხარჯზეც, მათ შორის, და გეოგრაფიული გაფართოების ხარჯზე",- ამბობს მარიამ ჩახვაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები