ბაიდენის ადმინისტრაციის მემკვიდრეობით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექსტი „ძალიან მძიმეა“ ეს არის "ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბოლო შეფასება და სტატუს-კვო აშშ-სთან, რომელმაც სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან 2024 წლის დეკემბერში შეაჩერა.
bm.ge დაინტერესდა, როგორია სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები მეგობარ ამერიკასთან.
ვაჭრობა
აშშ საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვით 2025 წელს ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორი გახდა თურქეთის შემდეგ. უფრო კონკრეტულად, ბრუნვის მთლიანმა მოცულობამ გასულ წელს 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 30%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე.
ექსპორტი საქართველოდან აშშ-ში
ექსპორტის ჯამურმა მოცულობამ 120 140.8 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ძირითადი პროდუქციაა:
- ფეროშენადნობები - 36.8 მლნ აშშ დოლარი (34 121.7 ტონა);
- ნახევარგამტარი ხელსაწყოები - 19 მლნ აშშ დოლარი (979.9 ტონა);
- შავი ლითონის უნაკერო მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 14.4 მლნ აშშ დოლარი (12 937.6 ტონა);
- საფრენი აპარატების ნაწილები - 11.5 მლნ აშშ დოლარი (47.2 ტონა);
- დაწებებული ფანერა და ხის დაფანერებული პანელები - 6.7 მლნ აშშ დოლარი (5 656.4 ტონა).
იმპორტი აშშ-დან საქართველოში
აშშ-დან იმპორტი გაცილებით მასშტაბურია და ჯამში 2.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება:
- მსუბუქი ავტომობილები - 2.2 მლრდ აშშ დოლარი (184 427 ცალი);
- ხელით შესრულებული სურათები, ნახატები და პასტელები - 167. 648.0 მლნ აშშ დოლარი (4.9 ტონა);
- ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი ძრავები, სხვა აირის ტურბინები - 30.7 მლნ აშშ დოლარი (10.0 ტონა);
- ქანდაკებების და სტატუეტების დედნები - 30.5 მლნ აშშ დოლარი (19.0 ტონა);
- თხილი და სხვა კაკალი - 30.4ათასი აშშ დოლარი (3 683.9 ტონა).
FDI
2025 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა 93.5 მლნ. აშშ დოლარი აშშ-დან განხორციელდა, რაც 17.5%-ით ზრდაა. სამი კვარტლის ჯამი კი 93.5 მილიონია, რაც ასევე ზრდაა 2024 წლის მაჩვენებელზე, როცა fdi-მ 56.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ბოლო წლების ჯამური მაჩვენებლები კი ასეთია:
- 2020 წელი - 98.9 მლნ აშშ დოლარი;
- 2021 წელი - 21.1 მლნ აშშ დოლარი;
- 2022 წელი - 178.7 მლნ აშშ დოლარი;
- 2023 წელი - 186.1 მლნ აშშ დოლარი;
- 2024 წელი - 71.2 მლნ აშშ დოლარი.
ფულადი გზავნილები
გზავნილების კუთხით აშშ საქართველოში ბოლო წლებში ლიდერია. 2025 წელს შტატებიდან 682.7 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 16%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელზე.
ბოლო წლების სტატისტიკა კი ასეთია:
- 2020 წელი - 219 მლნ აშშ დოლარი;
- 2021 წელი - 285 მლნ აშშ დოლარი;
- 2022 წელი - 327 მლნ აშშ დოლარი;
- 2023 წელი - 462 მლნ აშშ დოლარი;
- 2024 წელი - 573 მლნ აშშ დოლარი.
ტურიზმი
ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ჯერ ისევ არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ჯერ კიდევ 2019 წელს ქართულმა მხარემ ამერიკულ ავიაკომპანიებთან (United Airlines, Delta Airlines, American Airlines) შეხვედრები გამართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მაშინ მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის დაწყებისთვის აუცილებელ პროცედურულ საკითხებზე ისაუბრეს და ამ მიზნით, საავიაციო ხელისუფლებებს შორის ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. პირდაპირი ფრენების გარეშე კი, შეუძლებელია ზუსტად დათვლა, საქართველოს რამდენმა მოქალაქემ იმოგზაურა 2025 წელს შტატებში.
აშშ-დან საქართველოში კი 2025 წელს ვიზიტით შტატების 56 455 მოქალაქე იმყოფებოდა, რაც 9.1%-ით მეტია 2024 წლის მონაცემებზე.
ბოლო წლების მონაცემები კი ასეთია:
- 2020 წელი - აშშ-ის 7 382 მოქალაქე;
- 2021 წელი - 19 470 მოქალაქე;
- 2022 წელი - 35 319 მოქალაქე;
- 2023 წელი - 46 735 მოქალაქე;
- 2024 წელი - 51 728 მოქალაქე.




























