მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორია კავშირები სლოვაკეთთან, რომელთანაც ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა?

სლოვაკეთი

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოსა და სლოვაკეთის მთავრობებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. მხარეები ხელს შეუწყობენ ორმხრივი ეკონომიკური, ტექნიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის, ბიზნეს წრეების დაახლოებისა და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების მიმართულებით. შეთანხმება ითვალისწინებს ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის შექმნას, რომლის ფარგლებშიც განიხილავენ ორ ქვეყანას შორის არსებული მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებს.

bm.ge გთავაზობთ საქართველო-სლოვაკეთის ეკონომიკური კავშირების შესახებ მონაცემებს, რომლებიც არც თუ ისე მოცულობითია.

ვაჭრობა

ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვა 2020 წლიდან მოყოლებული მზარდია. ექსპორტ-იმპორტის ჯამი გასულ წელს 33.8 მლნ დოლარი იყო, რაც რეკორდული მაჩვენებელია, თუმცა ბევრად არ აღემატება 2014 წლის 33.5 მლნ დოლარის ბრუნვას.

2025 წლის 9 თვის სტატისტიკით, ბრუნვამ 26.8 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლის ჭრილში 11%-იანი ზრდაა. საქართველოს სლოვაკეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს - თავად მეტს ყიდულობს, ვიდრე ყიდის.

იანვარ-სექტემბერში იმპორტი 7.7%-ით შემცირდა და 19.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. TOP 5 საიმპორტო საქონელი შემდეგია:

  • მსუბუქი ავტომობილები - $5.6 მლნ;
  • ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - $2.1 მლნ;
  • სანიტარულ-ჰიგიენური საფენები და ტამპონები, ბავშვის სახვევები და ამოსაფენები და ანალოგიური ნაწარმი, ნებისმიერი მასალისაგან - $1.4 მლნ
  • სამართებლები და მათი პირები - $932 ათასი;
  • დანადგარები საკვები პროდუქტების ან სასმელების სამრეწველო წარმოებისათვის - $702.7 ათასი

რაც შეეხება ექსპორტს, 7.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2.5-ჯერ მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. TOP 5 საექსპორტო საქონელი შემდეგია:

  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - $4.5 მლნ
  • თხილი და სხვა კაკალი - $1.8 მლნ
  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - $532.3 ათასი;
  • ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - $266.2 ათასი
  • მსუბუქი ავტომობილები - $187.7 ათასი

FDI

2024 წელს სლოვაკეთიდან 9.4 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2020 წელს დაფიქსირებული 16.6 მლნ დოლარის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2025 წლის პირველ 6 თვეში კი ჯამში 4.2 მლნ დოლარის FDI მივიღეთ.

ტურიზმი

აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთიდან ვიზიტები პანდემიამდელ მაჩვენებელს ვერ დაუბრუნდა. რეკორდული 6 689 ვიზიტი 2019 წელს დაფიქსირდა. 2025 წლის 9 თვეში კი 5 142 ვიზიტი განხორციელდა.

გზავნილები

სლოვაკეთის წილი საქართველოს ფულად გზავნილებში უმნიშვნელოა და 0.4%-ს შეადგენს. 2025 წლის 9 თვეში 10.3 მლნ დოლარი გადმოირიცხა, გასულ წელს ჯამურად კი 11 მლნ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები