მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორია ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე?

ნავთობი

მცირედი კლების მიუხედავად, მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე კვლავ მაღალი ფასი ნარჩუნდება. ბოლო ერთ თვეში ნედლი ნავთობი 42%-ით 94 დოლარამდეა გაძვირებული. თვის ჭრილში 50%-იანი მატებაა Brent-ის ტიპის ნავთობზე, რომლის ფასი ბარელზე თითქმის 108 დოლარს აღწევს.

რეკორდულად გაძვირებულია რუსული Urals-ი, რომლის ფასიც ბარელზე 104 დოლარს აჭარბებს, ბოლო ერთ თვეში ურალსი 77%-ით არის გაძვირებული. 94 დოლარად ივაჭრება WTI-ი [West Texas Intermediate].

მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასი სწრაფად მიიწევს ისტორიული ნიშნულებისკენ, რეკორდული მაჩვენებლები ჯერაც არ დაძლეულა. ბოლოს ნავთობზე პიკური ფასი 2022 წელს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პერიოდში დაფიქსირდა, რა დროსაც ბარელი Brent-ის ღირებულებამ 139 დოლარს მიაღწია.

13 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი თვით გააუქმა. ტრამპის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას უკავშირდება, რამაც მსოფლიო ბირჟაზე ნავთობი მნიშვნელოვნად გააძვირა.

კერძოდ, 28 თებერვლიდან მსოფლიო ახალი მასშტაბური სამხედრო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდა. ყველაფერი ირანზე ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ოპერაციით დაიწყო, რასაც ირანმა რეგიონის სხვა ქვეყნებზეც საპასუხო დარტყმებით უპასუხა. ირანი, ისრაელის გარდა, არაერთ მეზობელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, კატარს, ერაყს, ქუვეითსა და ბაჰრეინს რაკეტებით უტევდა. ახლო აღმოსავლეთში ნებისმიერი დაძაბულობა, მით უფრო ასეთი მასშტაბის კონფლიქტი ბუნებრივია, გავლენას ახდენს ენერგეტიკულ ბაზრებზე, რადგან ეს ქვეყნები მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორები არიან.

ჩაკეტილი რჩება ჰორმუზის სრუტეც, ვიწრო გასასვლელი სპარსეთის ყურიდან ოკეანეში, რომელიც წლიურად მსოფლიო ნავთობის მეხუთედს ატარებს. ჰორმუზის სრუტიდან ნავთობი გააქვთ: საუდის არაბეთს, ირანს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს (UAE), ქუვეითსა და ერაყს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები