მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია რუსეთ-უკრაინის ომის შედეგები და ზარალის მოცულობა?

ომი

რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან 780 დღეზე მეტ გავიდა და ამ დროის განმავლობაში ორივე მხარემ უდიდესი ზიანი მიიღო, თუმცა კონფლიქტის შედეგების შეჯამება უკრაინით უნდა დავიწყოთ, რომელიც ამ ომში გადარჩენისთვის თავგანწირვით იბრძვის.

დავიწყოთ ადამიანური დანაკარგით, რომლის გაზომვა ყველაზე რთული და მტკივნეულია. როგორც ამერიკული დაზვერვა იტყობინება, კონფლიქტის ორივე მხარეს დაღუპულ სამხედროთა და მოქალაქეთა რაოდენობა ნახევარ მილიონს აღწევს. აქედან დიდი ნაწილი უდანაშაულო მოსახლეობაზე მოდის, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ომის სისასტიკეს.

ამ ეტაპზე, ქვეყნის მოსახლეობის 20% რუსეთის სამხედრო ძალების მიერაა ოკუპირებული. ცხადია, ომისა და ოკუპაციის ფონზე, უკრაინელებს საცხოვრებლის მიტოვება უწევთ. დაახლოებით 6 მილიონი მოქალაქე იძულებითაა გადაადგილებული საკუთარ ქვეყანაში; 10 მილიონზე მეტმა მოქალაქემ კი უკრაინის ტერიტორია დატოვა, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინებას და მუშახელის დეფიციტის იწვევს.

ეკონომიკური თვალსაზრისით, ვითარება კიდევ უფრო მძიმედაა. ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დაახლოებით 30%-ით შემცირდა.

ამჟამად ქვეყნის ეკონომიკა დამოუკიდებლად ვერ ფუნქციონირებს და ის მუდმივ საგარეო დახმარებაზეა დამოკიდებული. უფრო მეტიც, მთავრობის ბიუჯეტი პირდაპირ საგარეო ვალით ფინანსდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლეთის ფინანსური დახმარების გარეშე, უკრაინის მთავრობა ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს.

საერთო ჯამში, დასავლეთის მიერ გაწეული დახმარების მოცულობა 300 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მხოლოდ იმ თანხას მოიცავს, რომელიც უკრაინის მთავრობას უკვე გადაეცა და ის არ ითვალისწინებს სამომავლოდ დაგეგმილ პაკეტებს.

აქვე ზარალზეც უნდა ვისაუბროთ, მსოფლიო ბანკის გამოთვლებით, უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენას, ამჟამინდელი მდგომარეობით, 486 მილიარდი დოლარი დასჭირდება. თითქმის ნახევარი ტრილიონი დოლარი - ეს სწორედ ის თანხაა, რომელიც დასავლურმა სახელმწიფოებმა და კომპანიებმა უკრაინის მხარდასაჭერად უნდა გაიღონ. მართალია, ზოგიერთი მსხვილი ინვესტორი უკვე გამოთქვამს ქვეყნის მხარდაჭერის მზაობას, თუმცა ეს ის თანხა არ არის, რომლის გადახდას ერთი ან ორი აქტორი შესწვდება.

ომის შედეგად, ორ წელიწადში განადგურდა: 200 ათასი საცხოვრებელი შენობა, 300-მდე საავადმყოფო, 5,000-მდე სკოლა და უნივერსიტეტი. შენობების გარდა, განადგურებულია გზები, ხიდები და გადასასვლელები - ამ ზარალის დათვლა კი გაცილებით უფრო რთულია.

ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსეთის ძირითადი სამიზნე უკრაინის ენერგეტიკული და საკომუნიკაციო სისტემა გახდა. დრონების მუდმივი თავდასხმების გამო, ქვეყნის ნახევარს ელექტროენერგია, გაზი და წყალი სტაბილურად არ მიეწოდება, ეს კი მოსახლეობის მორალურად გატეხას ისახავს მიზნად.

ომის ფონზე, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი ამჟამად 45 მილიარდ დოლარს აღწევს. ცხადია, ამ დეფიციტის შევსება ძირითადად დასავლეთის ფინანსური დახმარებით ხერხდება.

რაც შეეხება სხვა ძირითად ეკონომიკურ ინდიკატორებს, სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის რაოდენობა თითქმის გასამმაგდა და ამჟამად აღნიშნული მაჩვენებელი რეკორდულ 60%-ს შეადგენს.

უდიდესი დანაკარგებისა და კოლოსალური ადამიანური თუ ეკონომიკური ზიანის მიუხედავად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მიმდინარე წელს უკრაინის ეკონომიკის ზრდას პროგნოზირებენ. IMF-ის, მსოფლიო ბანკისა და EBRD-ის შეფასებით, 2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 3-დან 5%-ის ფარგლებში იქნება. 2025 წლიდან კი ზრდის ტემპი საგრძნობლად დაჩქარდება. ამ ყველაფერში, ცხადია, უკრაინას დასავლეთის ქვეყნებიც დაეხმარებიან.

რაც შეეხება აგრესორ სახელმწიფოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე 2024 წელს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა 2.6%-ით გაიზრდება, რაც თითქმის ორჯერ მეტი იქნება წინა პროგნოზთან შედარებით.

IMF-ის განმარტებით, მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები სამთავრობო ხარჯების ოპტიმიზაციით და ენერგორესურსების გაძვირებითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, რუსეთმა ბაზარზე ხელოვნური დეფიციტი შექმნა, რამაც ნავთობის გაძვირება გამოიწვია, ამ მოცემულობით ყველაზე დიდ სარგებელს კი სწორედ მოსკოვი იღებს.

მართალია, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 13 პაკეტი დააწესა და ის მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე სანქცირებული სახელმწიფო გახდა, თუმცა ამან მოსკოვის ომის მანქანის შეჩერება ვერ გამოიწვია, რადგან ის ახლა იმაზე მეტი რაოდენობის ნავთობს ყიდის ჩინეთსა და ინდოეთში, ვიდრე ამას ევროკავშირში ოდესმე შეძლებდა.

რუსეთ-უკრაინის ორწლიანი ომი ცხადყოფს, რომ პუტინი იქამდე შეძლებს კონფლიქტის გაგრძელებას, სანამ მას ფული არ ამოეწურება ან ნავთობი არ გაუთავდება, ამ ორიდან კი არცერთის საშიშროების წინაშე ის ახლა არ დგას, ამიტომ დასავლეთმა ან უკრაინის მხარდაჭერა მტკიცედ უნდა გააგრძელოს ან რუსეთს დაფინანსების წყარო უნდა შეუწყვიტოს, სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, კრემლი უკან არ დაიხევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები