საპენსიო სააგენტო 2024 წლის მარტის თვის მდგომარეობით, საინვესტიციო პორტფელების მოგებიანობის შედეგებს აქვეყნებს.
სააგენტოს ცნობით, პორტფელების მიხედვით, 2024 წლის 31 მარტის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოდან დღემდე ჯამური რეალური (ინფლაციის გათვალისწინებით) ამონაგები შემდეგნაირად გამოიყურება:
• კონსერვატიული პორტფელი 6.27%
• დაბალანსებული პორტფელი 7.73%
• დინამიკური პორტფელი 8.26%.
ცნობისთვის, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1 იანვრიდან შეიქმნა და ამ პერიოდის განმავლობაში 1 მილიონ 503 ათასმა მოქალაქემ 4.8 მილიარდი ლარის დანაზოგი განახორციელა.
2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 8,958 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 29,257,490.28 ლარი. 2019 წლის იანვრიდან 2023 წლის აგვისტომდე ყველა მოქალაქის დანაზოგი დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში ინვესტირდებოდა, ხოლო აგვისტოში ფონდი სამ ნაწილად - დაბალრისკიან, საშუალორისკიან და მაღალრისკიან პორტფელებად დაიყო.
მაღალრისკიან ანუ დინამიკურ საპენსიო პორტფელში კანონის მოთხოვნების შესაბამისად გადავიდა 40 წლამდე ასაკის მონაწილეთა დანაზოგი, რაც აღნიშნულ პერიოდში 2.9 მილიარდ ლარს შეადგენდა. 40-50 წლის მოქალაქეთა დანაზოგები, რაც აღნიშნულ პერიოდში 582 მილიონი ლარი იყო, საშუალორისკიან პორტფელში განთავსდა, ხოლო 50 წელზე უფროს პირთა დანაზოგები რაც მაშინ 329 მილიონი ლარი იყო.
მაღალრისკიანი პორტფელი დაბალრისკიანი პორტფელისგან განსხვავდება იმით, რომ მასში გლობალური აქციების წილი უფრო მაღალია და 40-60%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც დაბალრისკიან პორტფელში მისი ჭერი მაქსიმუმ 20%-ია. იმის გამო, რომ მოქალაქეთა დანაზოგების უდიდესმა ნაწილმა მაღალრისკიან პორტფელში გადაინაცვლა, მმართველმა პარტიამ პარლამენტში დააინიცირა კანონპროექტი, რომლითაც მოქალაქეთა დანაზოგები კვლავ დაბალრისკიან პორტფელში გადავიდოდა და სქემის მონაწილეებს პორტფელის არჩევა საკუთარი ინდივიდუალური განაცხადებით შეეძლებოდათ. აღნიშნული კანონის მიღების შედეგად, დანაზოგები კვლავ დაბალრისკიან პორტფელში დაბრუნდა, საკუთარი განცხადების საფუძველზე კი 9,683-მა მოქალაქემ, რომლებმაც თანხა საშუალორისკიან და მაღალრისკიან პორტფელებში გადაიტანა. ჯამში გადატანილია 46 მილიონი ლარის პორტფელი. შესაბამისად, მაღალი საპენსიო ამონაგები სწორედ მათ დაერიცხათ.