კატარიდან ინვესტიციების, ტურიზმისა და ვაჭრობის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები იყო „ოცნების“ მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერისა და კატარის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის მთავარი საკითხები. ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს დელეგაცია პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით კატარის მეხუთე ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. უწყების ცნობითვე, ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს მთავრობებს შორის 2022 წლიდან მოქმედებს შეთანხმება ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ, რომელიც დამატებით ინიციატივებს ქმნის საინვესტიციო ნაკადების შემდგომი ხელშეწყობისთვის. კიდევ ერთი შეთანხმება კი ეკონომიკური, სავაჭრო და ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებს მოიცავს.
ლევან დავითაშვილმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ კატარი საქართველოსთვის შეიძლება მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი გახდეს. ის იმედოვნებს, რომ საქართველოში კატარული ინვესტიციების მოცულობა მომავალში გაიზრდება.
BM.GE დაინტერესდა როგორია სპარსეთის ყურის ამ კონკრეტულ ქვეყანასთან საქართველოს ეკონომიკური კავშირები. არაბეთის ნახევარკუნძულზე არსებულ ნახევარკუნძულზე მდებარე ქვეყანა ტერიტორიით პატარაა და მსოფლიო ბანკის 2023 წლის მონაცემებით, სულ 2.6 მლნ მოსახლე ჰყავს, თუმცა ფულის მსყიდველუნარიანობით ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, სადაც ერთ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 130 000 დოლარია.
რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობებს, კატართან ეკონომიკური კავშირები არც ისე მოცულობითია. მაგალითისთვის სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის მცირე იყო, თუმცა 2024 წელს რეკორდულად გაიზარდა. მცირეა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ტურიზმი და ფულადი გზავნილებიც.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
კატარელი ინვესტორები საქართველოთი 2013 წლიდან დაინტერესდნენ და ამის შემდეგ პირდაპირი კატარული ინვესტიციების მოცულობა ყოველწლიურად 2-დან 8.6 მლნ-მდე მერყეობდა. ყველაზე დიდი პირდაპირი ინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკაში კატარელებმა 2017 წელს ჩადეს, რამაც 8.6 მლნ დოლარი შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლიდან 2024 წლის ჩათვლით კატარიდან ჯამში საქართველოში 48 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია ჩაიდო.
ფულადი გზავნილები
აღსანიშნია, რომ კატარიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების სტატისტიკა დადებითია. 2024 წელს ჯამში 4 მილიონ 194 ათასი დოლარი გადმოირიცხა, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 3 მილიონ 796 ათასი დოლარი იყო.
მიმდინარე წლის 4 თვეში კი კატარიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 1 მილიონ 498 ათასი დოლარი შეადგინა.
სავაჭრო ბრუნვა
წლების განმავლობაში კატართან სავაჭრო კავშირებიც, როგორც აღვნიშნეთ მოცულობითი არ ყოფილა, თუმცა ბრუნვის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდებოდა. 2024 წელს კი ეს ზრდა რეკორდული იყო და ექსპორტ-იმპორტის ჯამურმა მაჩვენებელმა 26 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ბრუნის მონაცემებს 20 მილიონი დოლარით აღემატება.
გასულ წელს სავაჭრო ბრუნვის ასეთი მატება კატარიდან საფრენი აპარატების იმპორტის გააქტიურებამ გამოიწვია. შედეგად იმპორტის მაჩვენებელი წლიურად 24.8 მლნ დოლარამდე გაიზარდა, საიდანაც 22 მილიონი დოლარის მხოლოდ საფრენი აპარატები იყო. 2024 წელს კატარიდან მცირე მოცულობებით ასევე პოლიმერული ეთილენი [$2.6 მლნ], პოლიმერული პროპილენი [$84 ათასი] და პირადი ნივთები [$26 ათასი] შემოვიტანეთ.
რაც შეეხება ექსპორტს, ბრუნვაში მისი მაჩვენებელი მცირეა და 2024 წელს მცირედ 1.2 მლნ დოლარამდე შემცირდა. შესაბამისად, საექსპორტო საქონლის ჩამონათვალიც მცირეა და მედიკამენტებს, თხილს და კაკალს, მსუბუქ ავტომობილებს, ღვინოებსა და ტანსაცმელს მოიცავს.
ტურიზმი
სპარსეთის ყურის ნახევარკუნძულოვანი ქვეყნიდან ტურიზმის პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით აღდგენილი არ არის, თუმცა არც 2019 წელს, როდესაც ეს რიცხვი რეკორდული იყო, ვიზიტების ჯამურ მოცულობაში დიდ წილს არ იკავებდა.
2024 წელს კატარიდან სულ 1 914 ვიზიტი შესრულდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს თითქმის 200 ვიზიტით აღემატება. პანდემიის დაწყებამდე 2019 წელს კი ვიზიტების რაოდენობამ 3 525-ს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო.
რაც შეეხება 2025 წლის I კვარტალში კარატიდან სულ 391 ვიზიტი შესრულდა, მაშინ როდესაც 2024 წლის ამავე პერიოდში 333 იყო.