ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული პროტესტი ირანში უკვე მე-11 დღეა გრძელდება. ოთხშაბათს ირანის რამდენიმე ქალაქში ანტისამთავრობო დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის ძალადობრივი შეტაკებები მოხდა. აქციები 28 დეკემბერს, თეირანში დაიწყო, როდესაც ქუჩაში გამოსულმა მოვაჭრეებმა ღია ბაზარზე ირანული რიალის კურსის დოლართან მიმართებით მკვეთრი ვარდნა გააპროტესტეს. ბოლო ერთ წელიწადში რიალი რეკორდულად გაუფასურდა, ინფლაციამ კი 40%-ს მიაღწია. ეკონომიკურ მდგომარეობას ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული სანქციები, მთავრობის პოლიტიკა და კორუფცია ამძიმებს. აქციებს მალევე შეუერთდნენ სტუდენტები და პროტესტი სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, აქციებს სულ მცირე 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
BM.GE გთავაზობთ ინფორმაციას ირანთან საქართველოს ეკონომიკური კავშირების შესახებ.
FDI
ირანიდან საქართველოში პირველი FDI 2006 წელს შემოვიდა. მაქსიმალურ ოდენობას, $8.2 მილიონს კი 2018 წელს მიაღწია. 2024 წელს პირდაპირი ირანული ინვესტიციები უარყოფითი ნიშნით დაფიქსირდა და -$652.3 ათასი იყო. 2025 წლის სამი კვარტალის მონაცემებით კი საქართველოში $295.3 ათასის FDI შემოვიდა.
ფულადი გზავნილები
ირანიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა უმნიშვნელოა. 2023 წელს 233 200 აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, წლიურ ჭრილში კი 216%-იან ზრდას წარმოადგენს. 2025 წელს ირანიდან ფულადი გზავნილები არ ფიქსირდებოდა.
ვაჭრობა
ირანთან სავაჭრო ბრუნვამ ისტორიულ მაქსიმუმს 2024 წელს მიაღწია და $322 მლნ შეადგინა, რაც წლის ჭრილში 18.8%-იან ზრდას წარმოადგენდა. ირანთან ვაჭრობა ძირითადად იმპორტზე მოდის. 2024 წელს საქართველო-ირანის სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი $36.9 მლნ იყო, ხოლო იმპორტი $285.1 მლნ.
2024 წლის მონაცემებით, TOP-5 საექსპორტო პროდუქტი შემდეგია:
- ხე-ტყის მასალა - $8 მლნ მლნ/20,116 ტონა
- სიმინდი - $3.8 მლნ/ 14,792 ტონა
- ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ახალი ან გაცივებული - $2.6 მლნ/ 333 ტონა
- ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - $2.4 მლნ/ 307 ტონა
- ხელსაწყოები, აპარატურა და მოდელები განკუთვნილი სადემონსტრაციო მიზნებისათვის - $2.2 მლნ/ 114 ტონა
TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი ასეთია:
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - $81.3 მლნ/148,250 ტონა
- მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი - $26.1 მლნ/125,609 ტონა
- პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - $23.6 მლნ/21,145 ტონა
- კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $16.6 მლნ/26,773 ტონა
- წნელები ცხლად ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან თავისუფლად დახვეულ ბუხტებად - $11.6/20,564 ტონა
2025 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ირანთან სავაჭრო ბრუნვა $262.7 მილიონია. აქედან ექსპორტი - $32.8 მლნ, ხოლო იმპორტი - $229.8 მლნ.
ტურიზმი
2025 წლის 9 თვეში ირანიდან 96 305 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი განხორციელდება, რაც ჩამოუვარდება 2024 წლის შესაბამისი პერიოდის 120 840 ვიზიტს.
2024 წელს ირანიდან 145 670 ვიზიტი განხორციელდა, რაც მეტი იყო 2023 წლის 126 282 ვიზიტზე, თუმცა ჩამორჩება პანდემიამდელი პერიოდის რეკორდულ დონეს. შედარებისთვის, 2018 წელს ირანიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც 291 ათასს ვიზიტს აჭარბებდა. 2019 წელს კი ეს რიცხვი 141 997 ვიზიტამდე შემცირდა.




























