უკრაინის ეკონომიკა 2025 წელს კვლავ მძიმე, მაგრამ შედარებით სტაბილურ მდგომარეობაშია. მიუხედავად 3-წლიანი ომისა, ქვეყანამ მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება მაინც მოახერხა, რაც ეროვნული ბანკის მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას და საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას უნდა დავუკავშიროთ.
ეკონომიკურ ზრდას რაც შეხება, წელს ის საკმაოდ შენელებულია. ეროვნული ბანკის პროგნოზით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მხოლოდ 1.9%-ის ფარგლებში იქნება, რაც პირდაპირ უკავშირდება ენერგოინფრასტრუქტურის განადგურებას, შრომის ბაზარზე მუშახელის დეფიციტს და შიდა მოთხოვნის შემცირებას. მიუხედავად ამისა, გარკვეული სექტორები, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობა და სამხედრო წარმოება, ეკონომიკის ნაწილობრივ სტაბილიზაციას უწყობენ ხელს, ესეც სახელმწიფო შესყიდვების ხარჯზე.
ინფლაცია კვლავ ორნიშნაა, კერძოდ, წინა თვეს წლიურმა მაჩვენებელმა 12% შეადგინა. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ფასების ზრდა თანდათან შენელდება, თუმცა ინფლაციური წნეხი ჯერ კიდევ მაღალია. ამის ფონზე, ძირითადი საპროცენტო განაკვეთი უცვლელად 15.5%-ზე რჩება. ცენტრალური ბანკის შეფასებით, ინფლაცია 2025 წლის ბოლოსთვის 9%-მდე დაიწევს, ხოლო 2027 წლისთვის შესაძლოა სამიზნე ნიშნულს, 5%-ს მიაღწიოს.
ეროვნული ვალუტა წლის განმავლობაში შედარებით სტაბილურია. 2025 წლის ნოემბრის მონაცემებით, ოფიციალური კურსი საშუალოდ 42 გრივნიაა დოლართან მიმართებით. ამ სტაბილურობის მთავარი საფუძველი უკრაინის საერთაშორისო რეზერვია, რომლის მოცულობა 49.5 მილიარდ დოლარს აღწევს. თავად რეზერვი გამყარებულია საერთაშორისო დონორული დახმარებით, მათ შორის ევროკავშირის, IMF-ისა და აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით.
სამწუხაროდ, ფისკალური მხარე უფრო რთულია. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 25 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ქვეყნის გრძელვადიან ფინანსურ მდგრადობაზე ზეწოლას ახდენს. სახელმწიფო ვალი 192 მილიარდ დოლარს უახლოვდება, ხოლო უმუშევრობა მაღალ დიაპაზონშია, დაახლოებით 12%-ის ფარგლებში.
მთლიანობაში, უკრაინის ეკონომიკა სტაბილურობის ზღვარზეა. ომის გაგრძელება უმთავრეს რისკად რჩება. მიუხედავად ამისა, ქვეყნის მონეტარულმა და ფინანსურმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო — გრივნია მყარია, რეზერვები სტაბილურია, ხოლო საერთაშორისო მხარდაჭერა ჯერჯერობით გრძელდება.
ამ ყველაფრის მიუხედავად, არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ზარალის მოცულობა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკამ, ინფრასტრუქტურამ და ენერგეტიკულმა სისტემამ ომის გამო მიიღო. მსოფლიო ბანკის შეფასებით, პირდაპირი ზარალის მოცულობა $524 მილიარდს შეადგენს, ხოლო ქვეყნის სრულად აღდგენას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში $1.1 ტრილიონის ინვესტიცია დასჭირდება.
























