მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"როგორც ჩანს, რეაქცია იქნება უვიზო რეჟიმის შეჩერება" - როგორ აფასებს სერგი კაპანაძე ევროკომისიის წერილს?

კაპანაძე

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე ევროკომისიის წერილს აფასებს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მიიღო. ის ელის, რომ "ოცნება" 31 აგვისტომდე შესაბამის პირობებს არ შეასრულებს, რასაც უვიზო რეჟიმის შეჩერება მოჰყვება პასუხად.

ამასთან, სერგი კაპანაძემ "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნა, რომ საელჩოების რესურსი, შესაბამის მოთხოვნას უპასუხონ, შემცირებულია, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს შექმნის.

"ევროკავშირი ამას შემდეგნაირად უყურებს: შარშან, დეკემბერში გითხარი რა იყო პრობლემა, იმის შემდეგ არაფერი გააკეთეთ, პირიქით, გაუარესდა მდგომარეობა, ახლა, აგვისტოს ბოლომდე გვითხარით რა გააკეთეთ რეკომენდაციების გათვალისწინების კუთხით. თუ პასუხი იქნება, რომ არაფერი და როგორც ჩანს, ამათი პასუხი იქნება ის, რასაც ველით, რაღაც ბოდვა, შეიძლება "დიფ სთეითიც" გამოურიონ შიგნით, ამას მერე მოჰყვება რეაქცია. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, რეაქცია იქნება უვიზო რეჟიმის შეჩერება.

ამას სერიოზული პრობლემები მოჰყვება. აქ არსებული საკონსულოების უმრავლესობას, ვიზების გაცემის ინფრასტრუქტურა აქვს შემცირებული. არ აქვთ შესაბამისი ადამიანური რესურსი, ისევე როგორც ინფრასტრუქტურა. [უვიზო რეჟიმს], რომ შეგვიჩერებენ, საელჩოები მყისიერად ვერ გადაეწყობიან იმაზე, რომ ადამიანებმა მეორე დღიდან ვიზის მიღება შეძლონ, რაც მოქალაქეებს პრობლემებს შეუქმნის",- ამბობს სერგი კაპანაძე.

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაცია მოსახლეობისთვის წარმოადგენს მტკივნეულ საკითხს, ხოლო "ოცნებისთვის" მტკივნეულია პიროვნული სანქციები.

"ჩემი აზრით, ყველაზე მტკივნეული იქნება იმ ადამიანების და ჯგუფების დასანქცირება, რომლებიც ამ რეჟიმს ასაზრდოებენ იქნება ფინანსური, მედია პროპაგანდის თუ სხვა კუთხით, რაზეც აქვს ევროკავშირს ინფორმაცია და ამაზეც არის საუბარი როგორც ვიცი",- აცხადებს სერგი კაპანაძე.

"ქართულმა ოცნებამ" ევროკომისიისგან წერილი მიიღო, სადაც გასული წლის ბოლოს გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე განახლებული ინფორმაციაა მოთხოვნილი. კერძოდ, წერილში მოთხოვნილია ინფორმაცია იმ რეკომენდაციების შესრულების შესახებ, რომლებიც 2024 წლის 6 დეკემბერს მიღებულ ვიზის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშში მიემართა საქართველოს. ასევე, არის მოწოდება, რომ თუ უკვე არ გადადგმულა ნაბიჯები, გატარდეს შესაბამისი ზომები. წერილში აღნიშნულია, რომ კომისია რეკომენდაციების შესრულებას შემდეგი ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშის კონტექსტში შეაფასებს, რის საფუძველზეც, დარღვევების გაგრძელების შემთხვევაში, კომისიას შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები მე-8 მუხლის საფუძველზე, ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურებით.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა 15 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას შედეგი მოჰყვება. „ჩვენ გავუგზავნეთ საქართველოს მთავრობას წერილი, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ეხება. არის ცალკეული პირობები, რომლებთანაც ისინი თანხვედრაში უნდა მოვიდნენ. თუ ეს პირობები არ იქნება შესრულებული დათქმულ ვადამდე, მაშინ მოგვიწევს შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი",- აღნიშნა მან და თქვა, რომ რეკომენდაციების შესრულების ვადა აგვისტოს ბოლომდეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები