პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავას ხუთი სადეპუტატო კითხვით მიმართავს.
დეპუტატის კითხვები ეროვნული ბანკის მიერ 500 მილიონ დოლარად 7 ტონა ოქროს ყიდვას შეეხება, რომელიც რომელიც სავალუტო რეზერვებში განთავსდება.
რომან გოცირიძის ხუთი კითხვა ნათია თურნავას:
1.რა აუცილებელმა ფაქტორებმა განაპირობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 500 მილიონი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქროს შეძენა?
2. რომელი კომპანიიდან განხორციელდა მისი შესყიდვა და რა ფასად?
3. გქონდათ თუ არა გავლილი კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ან ამ საკითხზე მომუშავე მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტებთან?
4. რამდენი მილიონი დოლარით იკლებს ყოველწლიურად საქართველოს ეროვნული ბანკის შემოსავლები 500 მილიონი დოლარის სხვა ინსტრუმენტებში განუთავსებლობის გამო?
5. რა მიზნით ხდება მისი ეროვნული ბანკის საცავში განთავსება და რატომ არ იქნა გამოყენებული საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკა, როდესაც ოქროს ზოდები ინახება უცხოეთის კომერციული ბანკების საცავებში, აპირებთ თუ არა შესაბამისი საბაზრო პირობების წარმოქმნის შემთხვევაში მის რეალიზებას?
სებ-ის თანახმად, ოქროს რეზერვების შესყიდვის გადაწყვეტილება სებ-მა 2024 წლის 1 მარტის საბჭოს სხდომაზე მიიღო. არსებული მდგომარეობით უნცია ოქროს საფასურია 2,336 დოლარი, რაც ყველა დროის რეკორდს წარმოადგენს. ბოლო 1 წლის განმავლობაში ოქროს ღირებულება 17%-ით გაიზარდა. არსებული მდგომარეობით, ოქროზე საქართველოს სავალუტო რეზერვების 11% მოდის.
"სებ-ის საბჭოს 2024 წლის 1-ელი მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ-ის დოლარის მოცულობის, 7 ტონა, უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ამჟამად ლონდონშივე ინახება. შეძენილი ოქროს მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით, სებ-ის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება. აღნიშნული ოქრო საქართველოში სებ-ის საცავში განთავსდება,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.