საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 7 ტონა ოქრო 999.9 სინჯის ოქრო იყიდა, რომლის ჩამოტანასაც სებ-ი თბილისში გეგმავს. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში აცხადებს, რომ მისი შეფასებით, ოქროს რეზერვების შესყიდვა არა ეროვნული ბანკის მხრიდან წამოსული ინიციატივა, არამედ მთავრობის გადაწყვეტილება იქნებოდა, რასაც ამ ოქროს თბილისში დასაწყობების გადაწყვეტილებაც ამყარებს.
რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, მთავრობაში არსებობს ეჭვი აშშ დოლარის სტაბილურობასთან დაკავშირებით, რის დასაზღვევადაც მოხდა ოქროს მარაგების შესყიდვა.
“გადაწყვეტილება მიღებული იყო მთავრობის მხრიდან. ეს გადაწყვეტილება არ იყო ეროვნული ბანკის საბჭოსგან. 5 წევრისგან შედგება საბჭო და 4 წევრი აკლია, შესაბამისად, არ არის სრულად ქმედუნარიანი. მთავრობის პოზიციაა, რომ თურმე დოლარი ჩამოიშლება, რომ BRICS-ი და იუანი 3-5 წელიწადში დოლარს გაანადგურებს. როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობას ეშინია სანქციების. ოქროს თბილისში ჩამოტანა არის უაზრობა. ოქრო, რომელიც იყიდა ეროვნულმა ბანკმა არის ლონდონში და არ აქვს მნიშვნელობა ვისი ოქრო იყიდა, ეს შეიძლება იყოს ინგლისის, შვეიცარიის ან საფრანგეთის, მაგრამ ოქრო არის ლონდონის საცავში და იქ ოქრო კი არ მოძრაობს, მოძრაობს ქაღალდი, რომელიც საკუთრების უფლებას განსაზღვრავს. იყიდე და, თუ კონინუქტურა შეიცვლება, გაყიდი. ოქროს მანქანებით როგორც წესი არავინ არ ატარებს წინ და უკან. ვის რაში სჭირდება თბილისში დასაწყობებული ოქრო? შესაბამისად, ოქროს თბილისში ჩამოტანა არის უაზრობა. ვის უნდა მიყიდონ, რუსეთს, ირანს თუ ჩრდილოეთ კორეას? 7 ტონა ოქროს შენახვა ლონდონში არაფერი განსაკუთრებულად ძვირი არ დაჯდებოდა, შეიძლება რამდენიმე ათასი დოლარი დამჯდარიყო,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 500 მილიონი დოლარის ოქროს შესყიდვის გადაწყვეტილება მარტში მიიღო, ცნობილია რომ 31 მარტის მდგომარეობით სებ-ი უკვე ფლობდა 332 მილიონი დოლარის ოქროს, ხოლო შესყიდვები აპრილის პირველ კვირაში განხორციელდა.