მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომან გოცირიძე: სებ-მა ნოემბერში $124 მილიონი იყიდა, რას ნიშნავს ეს

გოცირიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ არსებულ ეროვნულ ბანკს აღარ აქვს თავისუფლება კრიტიკულ ნიშნულამდე შემცირებული სავალუტო რეზერვები შეისყიდოს, რადგანაც ეს ლარის გაცვლით კურსზე მოახდენს გავლენას. დღეს ცნობილი გახდა, რომ ნოემბერში სებ-მა $124 მილიონი დოლარი შეისყიდა. ამასთან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ლარის გაუფასურების ფონზე სებ-მა დეკემბერში მცირე მასშტაბის სავალუტო ინტერვენციები განახორციელა, თუმცა აღნიშნული სტატისტიკა ჯერჯერობით უცნობია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი საქართველოს სავალუტო რეზერვები 1 მილიარდი დოლარით შემცირდა.

"ეროვნული ბანკის მიერ ტრადიციულად ერთი თვის დაგვიანებით გამოქვეყნებული სტატისტიკით გამოჩნდა, რომ მას ნოემბრის თვეში უყიდია 124 მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური ვალუტა. რას ნიშნავს ეს? მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერში დოლარები იყიდეს, რეზერვების მოცულობა არ გაზრდილა. ვალუტის ყიდვა ნიშნავს მიმოქცევაში მეტი ლარის გაშვებას, ანუ ლარის შესაძლო გაუფასურებას. ასეც მოხდა. თუ წინასაარჩევნოდ ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტი იყო ლარის სტაბილურობა და ფაქტობრივად, ფიქსაცია, რასაც დაახლოებით 700 მილიონი დოლარის რეზერვები შეეწირა, ახლა პრიორიტეტია რეზერვების შევსება, რადგან იგი კრიტიკულ ზღვარს ჩამოსცდა. სამომავლოდ, საგარეო იზოლაციის გამო, ეს პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდება.

დეკემბერში, რომლის სტატისტიკას ეროვნული ბანკი იანვრის ბოლოს გამოაქვეყნებს, ეროვნულ ბანკს უკვე არ ექნება ვალუტის შესყიდვის შესაძლებლობა ლარის კიდევ უფრო გაუფასურების რისკის გამო, ამიტომ, რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა სხვა ხრიკს მიმართა, კომერციულ ბანკებს 5 პროცენტით მეტი უცხოური ვალუტა გაუყინა, დაურეზერვა (ნორმატივი იყო 20 პროცენტი, დეკემბერში კი გახდა 25 პროცენტი). ამით, დეკემბერში რეზერვების მოცულობა კი გაიზრდება, მაგრამ ეს არ იქნება წმინდა რეზერვები, ზრდა მხოლოდ ქაღალდზე გამოჩნდება, რადგან რეალურად, კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში გაყინული უცხოური ვალუტა წარმოადგენს ეროვნული ბანკის ვალდებულებას კომერციული ბანკების მიმართ.

ის განცხადებები, რაც უცხოეთში კეთდება (დახმარებების შეწყვეტა), რეზერვების ადეკვატურ ზომამდე შევსების შანსს გამორიცხავს. პირიქით, მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას უნდა ველოდოთ,"- აცხადებს რომან გოცირიძე.

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სავალუტო დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნების 5%-ით ზრდის გადაწყვეტილება 27 ნოემბერს მიიღო. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მიღებული გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ, რომ ბანკებში არსებული სავალუტო ლიკვიდობა გაზრდილ სავალუტო დაკრედიტებაში არ გადაიქცეს. აღნიშნული ცვლილება ძალაში 19 დეკემბერს შევიდა.

ბანკებისთვის სარეზერვო მოთხოვნა განისაზღვრება მათი სადეპოზიტო პორტფელების დოლარიზაციის შესაბამისად. აქამდე დარეზერვების ზედა ზღვარი იყო 20%, თუმცა 19 დეკემბრიდან ის 25%-ით განისაზღვრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები