მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომან კაკულია: ალბათ უკვე დათვლილია თუ რა პროგრამებზე მოუწევს ბიუჯეტს უარის თქმა

5e942bf3c8863
შოთა ტყეშელაშვილი
13.04.20 13:18
873
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა დღეს მუშაობა განაახლა. კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ თქვა, რომ 2020 წელს რეცესია არის მოსალოდნელი და მისი სრულად აღმოფხვრა ვერ მოხერხდება, თუმცა შესაძლებელი იქნება ნაბიჯების გადადგმა, რათა ის უფრო მცირე მასშტაბის იყოს.

ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მთავრობის მიერ ანტიკრიზისულ პროგრამაზე დასახარჯი თანხის ზუსტი ოდენობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

“ჩვენ დიდი ხანია როგორც კომიტეტი არ შევკრებილვართ. მინდა, ამასთან დაკავშირებითაც ჩემი მოსაზრება გითხრათ. ჩვენ, ცხადია, სანამ კორონავირუსი იყო მთავარი ბრძოლის არეალი, ვიყავით მოლოდინში, იქამდე ვიდრე მთავრობა ჩამოყალიბდებოდა იმ რესურსებთან მიმართებით, რომლებიც შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი, რათა ჩვენ რეცესიის შემცირების სტრატეგია შევიმუშაოთ. როგორც კი მივალთ იმ ეტაპზე, როდესაც ეს თანხა გახდება უკვე მეტ-ნაკლებად ცნობილი, ის საზედამხედველო ფუნქცია, რაც ჩვენს კომიტეტს აქვს, უნდა აღდგეს და უნდა აღდგეს სწორედ იმ ფორმატში, როდესაც ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვიქნებით ჩართული იმ ღონისძიებების დაგეგმვაში, რომელიც უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ ჩვენ რეცესია შევამციროთ. ჩვენ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, რომ რეცესიას ვერ აღმოფხვრით, მაგრამ წყარო რეცესიის შეიძლება აღმოიფხვრას.

უახლოეს კვირაში, როგორც კი დასახელდება საერთო თანხა, ამ თანხის დასახელებას ამ წუთას აფერხებს საერთაშორისო დახმარებების ნაწილში მოხდეს დაზუსტება, იმიტომ რომ, ის, რაც შემოვა ბიუჯეტში, ალბათ უკვე დათვლილია. აქედან ბიუჯეტს რა პროგრამებზე მოუწევს უარის თქმა, ესეც უკვე შეიძლება ითქვას, რომ დანახულია. ერთადერთი, რაც დასაზუსტებელი რჩება, არის საგარეო დახმარების ის ნაწილი, რომელიც შეკრავს საერთო პაკეტს, რომელიც უკვე იმ ნაწილში, რომელსაც ინდუსტრიული პოლიტიკის გადახედვა ჰქვია, აქ უნდა გამოვიყენოთ როგორც მთავარი რესურსები.

მთლიანობაში, ჩვენ დავინახავთ პოლიტიკას, რომელშიც გამოკვეთილი იქნება როგორც ფისკალური პასუხი, ასევე მონეტარული პასუხი, ასევე პასუხი სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებით, ასევე პასუხი განახლებული ინდუსტრიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით და ამ პროცესში ვფიქრობ, რომ კომიტეტმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს,” - ამბობს რომან კაკულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები