საქართველოს საპენსიო ფონდმა 2025 წლის მაისის მდგომარეობით ფონდის ზომის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, სისტემის მონაწილეთა რაოდენობაა 1,441,379, ხოლო ფონდის მთლიანი ზომა 6.9 მილიარდ ლარს შეადგენს.
არსებული მდგომარეობით, მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების 99%, ანუ 6.8 მილიარდი ლარი დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში არის განთავსებული. აღნიშნული პორტფელის 81.6% ქართული ლარის საინვესტიციო აქტივებში არის ინვესტირებული, 18.4% ანუ 1.26 მილიარდი ლარი კი უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული.
საპენსიო ფონდი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორს საქართველოს ობლიგაციების ბაზარზე. ორგანიზაცია თანხებს ათავსებს როგორც კორპორატიულ, ასევე საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციებში, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ ლარის ობლიგაციებში. უკანასკნელი ობლიგაცია, რომელიც საპენსიო სააგენტომ შეიძინა მიკრობანკ ემბისის მიერ 2025 წლის მაისში გამოშვებული ფასიანი ქაღალდი იყო. საპენსიო ფონდმა 21 მილიონიანი განთავსებიდან 4 მლნ ლარის ობლიგაციები შეიძინა.
საქართველოს საპენსიო ფონდი შემდეგ სახელმწიფო და კორპორატიულ ობლიგაციებს ფლობს:
- საქართველოს სახაზინო ობლიგაციები ლარში - 1.1 მილიარდი ლარი;
- EBRD: 150 მლნ ლარი, დაფარვის თარიღი ოქტ-2029
- აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები: 36.70 მლნ აშშ დოლარი, 4.32% დაფარვის თარიღი ივლ-ნოემ-2025
- საქართველოს სუვერენული ევროობლიგაცია: 9.90 მლნ აშშ დოლარი, 7.58%, დაფარვის თარიღი აპრ-2026
- სს თიბისი ლიზინგი: 18.67 მლნ ლარი, დაფარვის თარიღი, მარ-2026
- სს საქართველოს კაპიტალი: 5.65 მლნ აშშ დოლარი,დაფარვის თარიღი აგვ-2028
- სელფი მობაილი: 13.00 მლნ ლარი, დაფარვის თარიღი დეკ-2026
- ნიკორა ტრეიდი: 9.26 მლნ ლარი, დაფარვის თარიღი ოქტ-2029
- სს ნიკორა: 3.47 მლნ ლარი, დაფარვის თარიღი, ნოემ-2025
- სს თიბისი ლიზინგი: 2.97 მლნ ლარი, დაფარვის თარიღი, ივნ-2026
- თეგეტა მოტორსი: 4.90 მლნ ლარი, დაფარვის თარიღი ივლ-აგვ-2026
- სს მიკრობანკი ემბისი: 3.85 მლნ ლარი, დაფარვის თარიღი აპრ-2027
საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივები პორტფელების მიხედვით ასე ნაწილდება:
- კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი - 1,431,405 მოქალაქე, 6,780,000,000 ლარი, ერთ პირზე საშუალოდ 4,737 ლარი;
- დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელი - 5,153 მოქალაქე, 39,100,000 ლარი, ერთ პირზე საშუალოდ 7,588 ლარი;
- დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი - 4,821 მოქალაქე, 40,100,000 ლარი, ერთ პირზე საშუალოდ 8,318 ლარი;
- ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი - 4,737 ლარი.
საქართველოში მოქმედი დაგროვებითი საპენსიო კანონმდებლობის თანახმად, ყველა დამსაქმებელი ვალდებულია მისი დასაქმებულები ჩართოს დაგროვებით საპენსიო სისტემაში. დასაქმებულთა ხელფასის 2%-ის ტოლი შენატანის კონტრიბუციის ვალდებულება აქვს დამსაქმებელს, ასევე 2% იხდება დასაქმებულის მიერ, ხოლო 2%-ს სახელმწიფო იღებს საშემოსავლო გადასახადიდან და საპენსიო ფონდში მიმართავს. შესაბამისად, მთლიანობაში ხელფასის 6%-ის ოდენობით თანხა ყოველთვიურად უნდა ირიცხებოდეს საპენსიო ფონდში, რასაც ფონდი თავის მხრივ საინვესტიციო ამონაგების სახით სარგებელს არიცხავს.