მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელ ქვეყნებში ვყიდულობთ და ვყიდით ნაყინს, რომელიც 29%-ით გაძვირდა

ნაყინი

2025 წლის ივნისში, ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის მეხუთე ადგილი ნაყინს უკავია. მისი ფასი გასულ წელთან შედარებით 29%-ით გაიზარდა. BM.GE დაინტერესდა, თუ სად ვყიდულობთ აღნიშნულ პროდუქტს. როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ფასთან ერთად, გაზრდილია ნაყინის იმპორტიც.

კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, საქართველომ 2025 წლის 5 თვეში (იანვარი-მაისი) 604 ტონა ნაყინი შეიძინა, რაშიც $3.4 მლნ გადაიხადა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, ნაყინის იმპორტი 470 ტონა იყო, ხოლო მასში გადახდილი თანხა $2.6 მლნ-ს შეადგენდა. გამოდის, ქვეყანას ნაყინის იმპორტი 28.5%-ით გაეზარდა.

საქართველოსთვის წელს, ისევე როგორც გასულ წელს, ნაყინის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თანხობრივად თურქეთია. მოცულობით კი უკრაინაა.

2025 წლის 5 თვის მონაცემებით, ნაყინის ტოპ-10 იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:

  • თურქეთი -$1 მლნ, 141 ტონა;
  • უკრაინა - $654 ათასი, 150 ტონა ;
  • რუსეთი -$ 451 ათასი, 63 ტონა;
  • საფრანგეთი - $ 379 ათასი, 63 ტონა;
  • სომხეთი - $301 ათასი, 71 ტონა;
  • ლიეტუვა - $132 ათასი, 11 ტონა;
  • ბელარუსი - $ 113 ათასი, 29 ტონა;
  • ნიდერლანდები -$60 ათასი, 11 ტონა;
  • რუმინეთი - $ 38 ათასი, 23 ტონა;
  • ირანი - $19 ათასი, 12 ტონა.

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველომ 2025 წელს, 5 თვეში 67 ტონა ნაყინი გაყიდა, რაშიც $759 ათასის შემოსავალი მიიღო. მაშინ, როდესაც გასულ წელს ანალოგიურ პერიოდში $58 ათასის ღირებულების 4 ტონა ნაყინი ჰქონდა გაყიდული. მოცემული მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოს ნაყინის ექსპორტი დაახლოებით 17-ჯერ გაეზარდა.

წელს 5 თვეში ქვეყანამ ექსპორტი 2 ქვეყანაში განახორციელა. კერძოდ, აზერბაიჯანში, სადაც 47 ტონა ნაყინის რეალიზაციიდან $516 ათასის შემოსავალი მიიღო და სომხეთში, სადაც $243 ათასის 20 ტონა ნაყინი გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები