28 თებერვალს დაწყებულმა ახლო აღმოსავლეთის ომმა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრები, ანუ რეგიონის არაბული ქვეყნები: ბაჰრეინი, ქუვეითი, საუდის არაბეთი, კატარი, ომანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები სრულიად ახალი და სახიფათო რეალობის წინაშე დააყენა.
ირანის მიერ განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო და დრონებით განხორციელებული იერიშების ფონზე, რეგიონს, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლო ათწლეულში ოთხჯერ გაიზარდა, როგორც ტურისტებმა, ისე ინვესტორებმა სიფრთხილით დაუწყეს ყურება. თუმცა, ექსპერტების პროგნოზით, შექმნილი ვითარებით სარგებლობას მაინც შეძლებს ერთი სახელმწიფო და ეს საუდის არაბეთი იქნება.
მას შემდეგ, რაც გასულ უქმეებზე საამიროების საჰაერო სივრცე დაიკეტა, საუდის არაბეთი ემიგრანტებისა და ფინანსისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდა. რიგმა საერთაშორისო კომპანიებმა უკვე აქტიურად დაიწყეს თანამშრომლების გადაყვანას დუბაიდან ერ-რიადში, სადაც საერთაშორისო ფრენები შეუფერხებლად გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ბანკირებისთვის დუბაი უფრო „ცხოვრებად” ქალაქად მიიჩნევა, შაბათს დუბაის ცნობილ სასტუმრო Fairmont-ში გაჩენილმა ხანძარმა ბევრი ადამიანის განწყობა მკვეთრად შეცვალა.
იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, JPMorgan-ის ანალიტიკოსებმა როგორც საამიროების, ისე საუდის არაბეთს 2026 წლის მშპ-ს ზრდის პროგნოზები შეუმცირეს, მაინც რჩება მოლოდინი, რომ ერ-რიადი კონფლიქტიდან უფრო ნაკლები დანაკარგით გამოვა. ნაკლები დანაკარგით, რადგან ყურის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, მას ტერიტორიული სიდიდე და სპარსეთის ყურიდან წითელ ზღვამდე გადაჭიმული ნავთობის მილსადენი აძლევს საშუალებას, შეამციროს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით გამოწვეული ეკონომიკური რისკები და ექსპორტი შეუზღუდავად გააგრძელოს. ექვსეულის 5 ქვეყნის “შებოჭვა” საუდის არაბეთს აძლევს საშუალებას, ნავთობის გაზრდილი ფასებით იხეიროს და არამარტო მოკლევადიანად მიიღოს სარგებელი, არამედ გრძელვადიანადაც დაარწმუნოს ინვესტორები, რომ კაპიტალის ჩადება სწორედ ამ ქვეყანაში ღირს.
მართალია, ბოლო წლებში არაბთა გაერთიანებული საამიროები ინვესტიციების რაოდენობითა და უძრავი ქონების ბუმით საუდის არაბეთს უსწრებდა, თუმცა, თუ ირანის თავდასხმები საამიროებზე კვლავ გაგრძელდება, ეს ტენდენცია სავარაუდოდ დასრულდება და რეგიონის მთავარი ეკონომიკური ცენტრი კვლავ ერ-რიადში გადაინაცვლებს. როგორც ცნობილია, ინვესტორები უპირატესობას ყოველთვის უსაფრთხოებას ანიჭებენ, რაც ამჟამინდელ ქაოსში საუდის არაბეთის მთავარი კოზირი ხდება.




























