მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ბანკები აკრედიტებენ სოფლის მეურნეობას - რეიტინგი

მიწა სოფლის მეურნეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სექტორი უძრავი ქონების დეველოპმენტის შემდეგ, ბიზნესის დაკრედიტებაში #3 ადგილს იკავებს. მთლიანად ამ სექტორზე გაცემული სასესხო პორტფელის ზომა 3.3 მილიარდ ლარს შეადგენს. ამასთან, სოფლის მეურნეობის სექტორი ეკონომიკის ყველა სხვა სექტორისგან განსხვავებით ძირითადად ეროვნულ ვალუტაში ფინანსდება, რადგანაც მთლიანი პორტფელის 88% ლარში არის გაცემული.

სოფლის მეურნეობის სექტორში კრედიტების ლარიზაციის მაღალი მაჩვენებელი სახელმწიფო პროგრამა "შეღავათიან აგროკრედიტს" უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე კომპანიებს 10 მილიონ ლარამდე მოცულობით აღებულ სესხებზე 4 წლის ვადით სახელმწიფოს თანადაფინანსების მიღება შეუძლიათ. საუბარია სესხის პროცენტის მომსახურების დაფარვაზე 11%-ის ოდენობით. შესაბამისად, თუკი ამჟამად სოფლის მეურნეობის სექტორში საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთია 15%, აქედან კომპანია 4 წლის განმავლობაში იხდის მხოლოდ 4%, დანარჩენი 11%-ის მომსახურებას კი სახელმწიფო ახდენს. ამ პროგრამაზე 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარი იხარჯება, რაც კომერციული ბანკების პროცენტის თანადაფინანსებას ხმარდება.

კომერციული ბანკების მიერ სებ-ში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, სოფლის მეურნეობაზე ყველაზე დიდი მოცულობის - 1.25 მილიარდი ლარის სესხები "თიბისი ბანკს" აქვს გაცემული, მეორე ადგილზეა "საქართველოს ბანკი" სოფლის მეურნეობაზე გაცემული 1.18 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელით, მესამეზე კი კრედო ბანკი 868 მილიონი ლარის საკრედიტო პორტფელით.

# ბანკი სოფლის მეურნეობაზე გაცემული საკრედიტო პორტფელის ზომა ლარებში 2024, მესამე კვარტალის მდგომარეობით:
1 თიბისი ბანკი 1,257,589,038
2 საქართველოს ბანკი 1,177,690,679
3 კრედო ბანკი 868,789,707
4 ლიბერთი 609,751,895
5 ტერა ბანკი 174,654,345
6 ბაზისბანკი 147,056,753
7 ქართუ ბანკი 43,025,679
8 პროკრედიტ ბანკი 26,365,523
9 ხალიკ ბანკი 23,692,914
10 პაშა ბანკი 10,582,036
11 იშბანკი 7,820,764
12 VTB 5,485,701
13 სილქ ბანკი 2,795,480
14 ზირაათ 15,599

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები