მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი კომპანიები მოიხმარენ საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას - ტოპ 20

ფეროშენადნობთა ქარხანა

2024 წლის 11 თვეში საქართველომ სულ 14 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით არის გაზრდილი. სტატისტიკის თანახმად, ქვეყანამ წელს საკუთარი ენერგომოხმარების უდიდესი ნაწილი ადგილობრივი გენერაციის მეშვეობით დააკმაყოფილა, რამაც აღნიშნულ პერიოდში 13.3 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა.

სემეკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ადგილობრივ მოხმარებაში თელასისა და ენერგო პროს აბონენტები ჭარბობენ, კერძოდ "ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტებმა 3.8 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, "თელასის" აბონენტებმა კი 2.9 მილიარდი კილოვატ საათი. აფხაზეთის ენერგომოხმარებამ 2.3 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა, რაც წლიურად 3%-ით არის შემცირებული.

სტატისტიკის მიხედვით, წელს მკვეთრად 14%-ით, 2.92 მილიარდ კილოვატ საათამდე გაიზარდა იმ მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა, რომლებიც დენს პირდაპირი ხელშეკრულებებით, "თელასისა" და "ენერგო პროს" გვერდის ავლით ყიდულობენ. სტატისტიკის თანახმად, მსხვილ მომხმარებლებს შორის პირველ ადგილზეა "ჯორჯიან მანგანეზის" ჰოლდინგი, რომელმაც 773 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. მეორე ადგილზეა "რუსთავის აზოტი" 227 მილიონი კილოვატ საათის მოხმარებით, მესამეზე კი "ჰანიველ ცემენტი" [ყოფილი "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია"] 200 მილიონი კილოვატ საათით.

წელს გაიზარდა საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება კრიპტოვალუტების მაინინგის მხრიდან -აღნიშნული მიმართულებით ოპერაციები ძირითადად თბილისისა და ქუთაისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში სრულდება. თბილისის თიზ-ში არსებული კომპანიებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებლის ფუნქციას კომპანია "თი ეფ ზი სერვისის" ახორციელებს, რომელმაც 2024 წლის 11 თვეში 161 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა.

ასევე მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ქვეყნის უმსხვილესმა ენერგომომხმარებელმა "ჯორჯიან მანგანეზმა" ოქტომბრის ბოლოს განაცხადა, რომ რამდენიმე თვით საქმიანობას აჩერებს.

# კომპანიები 2024 წლის 11 თვეში მოხმარებული ელექტროენერგია მლნ კვტ. სთ. ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
1 სს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ჯორჯიან მანგანეზი 773 მილიონი კილოვატ საათი; -4%
2 სს რუსთავის აზოტი 227 მილიონი კილოვატ საათი; -5%
3 შპს ჰანიველ ცემენტი 200 მილიონი კილოვატ საათი; 3%
4 შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 181 მილიონი კილოვატ საათი; 17%
5 სს საქართველოს რკინიგზა 164 მილიონი კილოვატ საათი; 2%
6 შპს თი ეფ ზი სერვისის 161 მილიონი კილოვატ საათი; კომპანია არ საქმიანობდა
7 შპს რუსთავის ფოლადი 161 მილიონი კილოვატ საათი; 5%
8 შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 133 მილიონი კილოვატ საათი; 10%
9 შპს ჯეოსთილი 99 მილიონი კილოვატ საათი; -6%
10 შპს პროტექ კორპორეიშენ 95 მილიონი კილოვატ საათი; კომპანია არ საქმიანობდა
11 სს RMG Copper 88 მილიონი კილოვატ საათი; 1%
12 შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია 83 მილიონი კილოვატ საათი; -23%
13 შპს აითილებ 76 მილიონი კილოვატ საათი; კომპანია არ საქმიანობდა
14 შპს დატა ჰაბი 45 მილიონი კილოვატ საათი; 2%
15 შპს საქართველოს ფეროშენადნობთა რესურსების კომპანია 39 მილიონი კილოვატ საათი; 3123%
16 სს მინა 29 მილიონი კილოვატ საათი; 2%
17 შპს მეტალოლამი 28 მილიონი კილოვატ საათი; 87%
18 შპს საინ ფიზ 25 მილიონი კილოვატ საათი; 34%
19 შპს ორბი ჯგუფი ბათუმი 23 მილიონი კილოვატ საათი; 14%
20 შპს ჯი თი ემ გრუპ 23 მილიონი კილოვატ საათი. 32%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები