2023 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში მოქმედმა მსხვილმა ენერგომომხმარებლებმა 2.55 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 918 მილიონი კილოვატით, ანუ 26%-ით ნაკლებია. ინდუსტრიის მხრიდან ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას ორი განმაპირობებელი ფაქტორი აქვს - ერთია მეტალურგიული წარმოების, ფეროშენადნობების სექტორის მოხმარების კლება, ხოლო მეორე კრიტპოვალუტების მაინინგით დაკავებული კომპანიების აქტივობის შემცირება.
2023 წლის 11 თვეშიც ყველაზე მეტი ელექტროენერგია ჯორჯიან მანგანეზის ჯგუფმა მოიხმარა, რაც ჯამურად 808 მილიონ კილოვატს შეადგენდა, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიის მოხმარება 1.05 მილიარდი კილოვატ საათი იყო, რაც 23%-იან ვარდნას წარმოადგენს. კრიპტო მაინინგით დაკავებული Bitfury-ის მოხმარება წელს მხოლოდ 0.7 მილიონი კვტ. საათი იყო, მაშინ როდესაც 2022 წელს მოხმარება 170 მილიონ კილოვატ საათს აღემატებოდა, შესაბამისად კლება 99.5%-ია. ანალოგიურად კრიპტო მომპოვებელი აითილების მოხმარება წელს 0 იყო, მაშინ როდესაც წინა წელს ის 132 მილიონ კვტ. საათს აღემატებოდა.
საქართველოს ყველაზე მსხვილი ენერგომომხმარებელი კომპანიები 2023 წლის 11 თვის განმავლობაში:
კომპანია |
მოხმარება მლნ კვტ. სთ. |
ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით |
ჯორჯიან მანგანეზი და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა | 808 | -23% |
სს რუსთავის აზოტი | 237.7 | 1% |
შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია | 193 | 0% |
სს საქართველოს რკინიგზა | 161.6 | -2% |
შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი | 154.7 | -5% |
შპს რუსთავის ფოლადი | 153.8 | -20% |
შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია | 120.8 | 6% |
შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია | 107.8 | -11% |
შპს ჯეოსთილი | 105.6 | -5% |
სს RMG Copper | 87.4 | 12% |
მსხვილი ინდუსტრიის მიერ დენის მოხმარების შემცირების ფონზე, საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე გაჩნდა დამატებითი რესურსი, რომლის მეშვეობითაც 2023 წელს ელექტროენერგიის ექსპორტი გაიზარდა. 2023 წლის 11 თვეში ექსპორტმა 1.46 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 497 მილიონი კილოვატ საათით მეტია.