მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყანა ყიდულობს ყველაზე მეტ ღვინოს?

5ede71e5aeee0
მარიამ ადამია
08.06.20 23:00
1817
კითხვაზე თუ ვინ ყიდულობს ყველაზე მეტ ღვინოს მსოფლიოში, თითქმის ყოველწლიურად პასუხი უცვლელია და ეს ამერიკის შეერთებული შტატებია, რომელმაც Worldstopexports.com-ის მონაცემებით, 2018 წელს 6,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ღვინის იმპორტი განახორციელა, რაც მსოფლიოში მთლიანი ბრუნვის 24%-ს, ხოლო გაყიდვების 26%-ს შეადგენს.

ამერიკული იმპორტის წილი, ბოლო 25 წლის განმავლობაში უცვლელი რჩება, განსხვავებით მოხმარებისგან, რომელიც წლიდან-წლამდე იზრდება. რაც შეეხება ქვეყნებს, ღვინის ⅔ საფრანგეთიდან შედის, დანარჩენი კი ნაწილდება ახალ ზელანდიაზე, ავსტრალიაზე, ესპანეთზე, არგენტინაზე, ჩილეზე, პორტუგალიასა და გერმანიაზე.

შემდეგი უმსხვილესი ღვინის იმპორტიორი - დიდი ბრიტანეთია, რომელმაც 2018 წელს მილიარდ 300 მილიონი დოლარი დახარჯა ღვინოზე. აქედან ¾ საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და გერმანიიდან შევიდა. თუმცა, რეალურად, ქვეყანა მოიხმარს ნაყიდი ღვინის მხოლოდ ნახევარს, დანარჩენი კი ექსპორტზე გააქვს.

სამეულშია გერმანია - იმპორტზე 3 მილიარდ 100 მილიონი ამერიკული დოლარის ხარჯით და ღვინის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან ბაზრად არის შეფასებული, რომელიც ასევე ღიაა იმპორტის თვალსაზრისითაც. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში თეთრი ღვინო ისედაც იწარმოება, ამიტომ მხოლოდ შავს ყიდულობენ და ისიც საფრანგეთისგან და ესპანეთისგან. 

მსხვილ, ღვინის იმპორტიორ ქვეყნად სახელდება ასევე ჩინეთი, რომელმაც 2018 წელს 2 მილიარდ 900 მილიონი დოლარი დახარჯა, რაც 7,5%-ია მსოფლიოში იმპორტის მთლიანი ბრუნვის და მოხმარების თვალსაზრისითაც. 

სიაში შემდეგი ქვეყანა კანადაა, 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ღვინის იმპორტით. ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ ღვინო იწარმოება, ის მაინც ყიდულობს მას საფრანგეთისგან, ესპანეთისგან და ავსტრალიისგან, რადგან მოთხოვნა დიდია და ვერ აკმაყოფილებს მხოლოდ ადგილობრივი წარმოება. ამ ფაქტს განაპირობებს ისიც, რომ თუკი წინა წლებში ახალგაზრდობა უმეტესად ლუდს სვამდა, ახლა ეს ტენდენცია ღვინომ ჩაანაცვლა.

რაც შეეხება იაპონიას, ქვეყანა მილიარდ 700 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინოს, უმეტესად ავსტრალიისგან და სამხრეთ ამერიკისგან ყიდულობს. გარდა ამისა, იაპონიაში არსებობს სხვადასხვა საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც აფერხებს დაბალი ხარისხის პროდუქციის შეტანას, ხოლო ხარისხიან ღვინოზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.

რიგით მეშვიდე იმპორტიორი ქვეყანა ჰონგ-კონგია, სადაც 7,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ყოველწლიურად 5,5 მილიონი ტურისტი მოგზაურობს, ხოლო ხარისხიანი ღვინო უნდა ყველას, ამიტომაც მილიარდნახევრიანი დოლარი სწორედ ღვინის იმპორტს ხმარდება.

მას რეიტინგში ნიდერლანდები მოსდევს, სადაც მართალია არ არის ღვინის წარმოებისთვის შესაბამისი კლიმატი, თუმცა მაინც ადგილობრივები ახერხებენ და ყოველწლიურად 900 ათასი ლიტრის თეთრი და შავი ღვინო იწარმოება. შესაბამისად დეფიციტს იმპორტით ივსებენ და მილიარდ 400 მილიონი დოლარის ღვინოს საფრანგეთისგან, გერმანიისგან, იტალიისგან და ჩილესგან ყიდულობენ.

ბოლო ორ პოზიციას შვეიცარია და ბელგია ინაწილებენ. ორივეს შემთხვევაში, ღვინის იმპორტის ღირებულება მილიარდ 200 მილიონი დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები