მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ქვეყნები აუქმებენ "ოქროს ვიზებს"?

ოქროს ვიზა

"ოქროს ვიზა" არის პროგრამა, რომელიც მდიდარ ადამიანებს კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას აძლევს, რაც მათი მხრიდან მნიშვნელოვან ფინანსურ ინვესტიციას მოითხოვს. ასეთი ინვესტიციები ხშირად უძრავი ქონების შეძენას, სამუშაო ადგილების შექმნას ან სახელმწიფო ობლიგაციებში თანხის ჩადებას მოიცავს. რამდენიმე ქვეყანამ ეს პროგრამა დაამკვიდრა, როგორც უცხოური კაპიტალის მოზიდვის საშუალება. 21-ე საუკუნის დასაწყისში, ეს პროგრამები დიდი პოპულარობით სარგებლობდა, განსაკუთრებით ინვესტორებს შორის, რომელთაც ვიზის გარეშე მოგზაურობა, საგადასახადო უპირატესობები ან უსაფრთხო საცხოვრებელი სურდათ.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრამები რეზიდენტობის ან მოქალაქეობის მარტივად მიღებას უზრუნველყოფდა, ბოლო წლებში ისინი კრიტიკის საგანი გახდა, შედეგად, რამდენიმე ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სრულად შეეჩერებინათ ან შეეცვალათ ოქროს ვიზების პროგრამა.

ოქროს ვიზების შეჩერების მიზეზებს შორის საცხოვრებელი სახლების ხელმისაწვდომობის პრობლემა და რიგი ეკონომიკური საკითხებია. მიზეზებს შორის არის ისიც, რომ ოქროს ვიზები ხშირად ვერ უზრუნველჰყოფს მდგრად ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილების შექმნას. ოქროს ვიზების პროგრამებმა უსაფრთხოების რისკებიც გაზარდა. ქვეყნებში ფულის გათეთრების, კორუფციისა და სხვა ფინანსური დანაშაულების საფრთხე გაჩნდა.

მიმდინარე წელს ოქროს ვიზების პროგრამის შეჩერებას ესპანეთიც აანონსებს. გეგმის მიხედვით, ქვეყანაში პროგრამა აპრილში შეჩერდება. ოქროს ვიზების გაუქმების მთავარი მიზეზი საცხოვრებლების ფასების ზრდა გახდა. პროგრამის გათვალისწინებით, ოქროს ვიზის მოსაპოვებლად - აპლიკანტმა უძრავ ქონებაში მინიმუმ €500,000-ის ინვესტირება უნდა განახორციელოს. პრაქტიკამ კი აჩვენა, რომ ამ ტენდენციამ ადგილობრივების უფლებები შეზღუდა.

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, საერთაშორისო მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 2025 წლისთვის ოქროს ვიზის გაუქმებას, მინიმუმ გადახედვას - უნგრეთიც გეგმავს. მიზეზებს შორის კი სახელდებოდა ის, რომ ასეთი ტიპის პროგრამები არაკონტროლირებად ფინანსურ ნაკადებს განაპირობებს და ქვეყნისთვის არაპირდაპირ რისკებს წარმოქმნის, რაც ხელს უშლის ეკონომიკის სტაბილურ ზრდას. აღსანიშნავია, რომ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა.

2023 წელს ოქროს ვიზის შეჩერებაზე აქტიურად საუბრობდნენ ბულგარეთშიც. 2023 წელს, ბულგარეთის პარლამენტმა ოქროს ვიზის პროგრამის კრიტიკა და განხილვა აქტიურად დაიწყო, მიზეზი კი ის იყო, რომ მსგავსი პროგრამები არაერთი ქვეყნისთვის გახდა ფინანსური და სამართლებრივი გამოწვევა, განსაკუთრებით კორუფციის და ფულის გათეთრების რისკების გამო. ბულგარეთმა განიხილა პროგრამის გამკაცრება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში ოქროს ვიზების გაუქმების საკითხი დღის წესრიგს სწორედ 2025 წელს დაუბრუნდება.

ოქროს ვიზების პროგრამების დასრულება ცხადყოფს, რომ ქვეყნების მთავრობები ახლა უცხოური ინვესტიციების მოზიდვას უფრო მდგრადი გზებით ცდილობენ. ისინი ყურადღებას ამახვილებენ ისეთ ინვესტიციებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის მდგრადობას, სამუშაო ადგილების შექმნას და სოციალური პრობლემების მოგვარებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები