განახლებადი ენერგიის განვითარების ფონზე, მსოფლიოს მასშტაბით მზის პანელებზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, მათი მწარმოებელი კომპანიები და სახელმწიფოები კი საბაზრო დინამიკით უდიდეს ფინანსურ სარგებელს იღებენ. უმსხვილესი მწარმოებელი სახელმწიფოები განისაზღვრებიან არა მხოლოდ ნედლეულის საბადოებით ან დამონტაჟებული სიმძლავრით, არამედ რეალური პროდუქციის მოცულობით, წარმოების რაოდენობითა და გლობალურ მიწოდების ჯაჭვში შეტანილი წილით. მზის პანელების მწარმოებელი სახელმწიფოების ტოპ ხუთეული ასე გამოიყურება:
1. ჩინეთი
ჩინეთი უდავოდ ლიდერობს ფოტოვოლტაური მოდულების წარმოებაში და ის ამჟამად გლობალური მიწოდების დაახლოებით 78%-ს აკონტროლებს. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მიხედვით, ჩინეთი ფარავს წარმოების ყველა ასპექტს – პოლისილიციუმიდან დაწყებული, მზის მოდულების მაღალი კონცენტრაციით დამთავრებული. შეიძლება ითქვას, რომ სამომხმარებლო და კომერციულ სექტორში ჩინეთს საწარმოო მონოპოლია აქვს, რაც მასშტაბის ეკონომიით, სპეციალიზაციით და ტექნიკური ცოდნით არის განპირობებული.
2. ვიეტნამი
ვიეტნამი მეორე ყველაზე დიდ მწარმოებლად ითვლება და ის ბაზრის 6.4%-იანი წილს აკონტროლებს. ადგილობრივი კომპანიებისა და ჩინური ინვესტიციების წყალობით, წარმოების მოცულობა 2022 წლიდან უწყვეტად იზრდება და 2025 წლის ბოლოს ის ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს.
3. მალაიზია
მალაიზია ბაზრის 2.8%-იანი წილით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. ქვეყანა გამოირჩევა როგორც ბუნებრივი რესურსებით, ასევე წარმოებისა და ექსპორტის ცენტრებით. ამასთან, JinkoSolar-ისა და First Solar-ის საწარმოო ბაზები ამ ქვეყანაშია განთავსებული, რომლებიც გლობალური ლიდერები არიან.
4. ინდოეთი
ინდოეთს ჯერ კიდევ არ აქვს ბაზრის დიდი წილი, მაგრამ 1.9%-იანი მაჩვენებლით ის მაინც აღმოჩნდა ხუთეულში, რაც ბაზრის უკიდურეს კონცენტრაციაზე მიუთითებს. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანას მზის პანელების წარმოების მკვეთრად გაზრდა აქვს დაგეგმილი და 2030 წლისთვის დამონტაჟებული სიმძლავრის მოცულობამ 280 GW-ს უნდა მიაღწიოს.
5. სამხრეთ კორეა
სამხრეთ კორეას ბაზრის 1.5%-იანი წილი აქვს, თუმცა იქ წარმოებული პროდუქცია, ძირითადად, ეროვნული მოთხოვნის დაკმაყოფილებას ხმარდება, რომელიც, თავისი არსით, მზარდია. საფასო დინამიკიდან გამომდინარე, კორეულ კომპანიების მზის პანელების უცხოურ ბაზარზე გატანა არ უღირთ, რადგან ქვეყანა ჩინეთს კონკურენციას ფაქტობრივად ვერ უწევს.




























