მას შემდეგ, რაც გასულ კვირას ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის ორ წევრს ესროლეს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავშესაფრის მაძიებელთა საქმეების განხილვის შეჩერების ბრძანება გასცა.
შემთხვევას ერთი ოფიცერი ემსხვერპლა. სროლაში ეჭვმიტანილი ავღანეთის 29 წლის მოქალაქეა, რომელიც ავღანეთის ომის დროს აშშ-ის ძალებს ეხმარებოდა და 2021 წელს შეერთებულ შტატებში "პირობითი დაშვების" (parole) უფლებით შევიდა. აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურმა (USCIS) მას თავშესაფარი მიმდინარე წლის დასაწყისში მიანიჭა.
გაურკვეველია, რამდენ ხანს გაგრძელდება პრეზიდენტის მიერ დაწესებული პაუზა. ბოლომდე არც ისაა ცხადი, რას ნიშნავს თავშესაფრის მოთხოვნის განხილვის შეჩერება. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლის განცხადებით, ადმინისტრაცია თავშესაფრის შესახებ ყველა გადაწყვეტილების განხილვას აჩერებს, მიმდინარე დირექტივები გავლენას მოთხოვნების ნახევარზე ნაკლებაზე ახდენს.
The Guardian-ის თანახმად, ტრამპის ბრძანება ეხება დაახლოებით 1,5 მილიონ საქმეს, რომელიც USCIS-ის წარმოებაშია. მაგრამ, როგორც ჩანს, ის არ ვრცელდება საიმიგრაციო სასამართლოებზე, სადაც 2,4 მილიონი საქმე ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
USCIS-ის უახლესი კვარტალური ანგარიშის თანახმად, თავშესაფრის მინიჭების დასრულებული საქმეების რაოდენობა 135 091-მდე გაიზარდა - რაც თითქმის ხუთჯერ მეტია გასულ წელს, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს, იმავე პერიოდში დასრულებულ საქმეებთან შედარებით. იმავე პერიოდში ექვსჯერ გაიზარდა და 6 850 შეადგინა თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევებმა.
Statista იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით პუბლიკაციას ავრცელებს, რომელშიც განხილულია, 2024 ფისკალურ წელს რომელი ქვეყნის მოქალაქეებს მიენიჭათ ყველაზე მეტი თავშესაფარი. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს აშშ-ში თავშესაფარი 508 ავღანელს მიენიჭა, ხოლო 61-ს უარი ეთქვა. შედარებისთვის, ყველაზე მეტი, 3 605 თავშესაფარი რუსეთის მოქალაქეებს მიენიჭათ. ათეული კი ასე გამოიყურება:
- რუსეთი - 3 605
- ჩინეთი - 2 998
- ვენესუელა - 2 656
- ინდოეთი - 2 364
- ნიკარაგუა - 2 000
- ელ-სალვადორი - 1 684
- ჰონდურასი - 1 624
- გვატემალა - 1 592
- კოლუმბია - 1 017
- კუბა - 1 007
"თავშესაფარი" არის სამართლებრივი სტატუსი, რომელიც ენიჭებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში დევნის სერიოზული საფრთხე ემუქრებათ. მათთვის, ვინც შეერთებულ შტატებში ლეგალური ნებართვით (მაგალითად, მოქმედი ვიზით) ჩადის, ეს პროცესი USCIS-ში განაცხადის შეტანით იწყება. სხვები საქმის წარმოებას დაპატიმრების ან საიმიგრაციო ოფიცრებთან გასაუბრების შემდეგ იწყებენ და უწევთ თავიანთი საქმის წარდგენა მოსამართლის წინაშე.
თავშესაფრის მაძიებელთა საქმეების განხილვასთან ერთად, 2 დეკემბერს ტრამპის ადმინისტრაციამ ასევე სრულად შეაჩერა საიმიგრაციო აპლიკაციების, მათ შორის მწვანე ბარათისა და აშშ-ის მოქალაქეობის გაცემის პროცესი 19 არაევროპული ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ამის მიზეზად ტრამპმა "ეროვნული უსაფრთხოება" დაასახელა.
აღნიშნული ბრძანება გავრცელდა იმ 19 ქვეყანაზე, რომლებსაც მიმდინარე წლის ივნისში აშშ-ში სრული ან ნაწილობრივი სამოგზაურო აკრძალვა დაუწესდათ. ეს ქვეყნებია: ავღანეთი, ბირმა, ჩადი, კონგოს რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ჰაიტი, ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი, იემენი, ბურუნდი, კუბა, ლაოსი, სიერა-ლეონე, ტოგო, თურქმენეთი და ვენესუელა.




























