31 ივლისის ღამეს, უკრაინამ რუსეთის ვოლგოგრადის, თათრეთისა და კრასნოდარის რეგიონებში მდებარე ელექტრონული კომერციის გიგანტ Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებსა და ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე მასშტაბური იერიში მიიტანა.
როგორც ირკვევა, ვოლგოგრადში 44,000 კვადრატული მეტრის ფართობის Wildberries-ის ლოგისტიკური კომპლექსი დაზიანდა. ამას გარდა, დარტყმების შედეგად ზარალი განიცადა Lukoil-ის კუთვნილმა ადგილობრივმა ნავთობგადასამუშავებელმა ქარხანამაც, რომელიც ქვეყანაში საავიაციო საწვავის, ბენზინისა და დიზელის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა რეგიონზე მასშტაბური თავდასხმი ოფიციალურად დაადასტურა. მისი თქმით, ხანძარი სამრეწველო ობიექტსა და საწყობის ტერიტორიაზე გაჩნდა, რამაც 5 ადამიანის დაშავება გამოიწვია.
რუსეთ-უკრაინის ომის დამოუკიდებელი მონიტორის, ორგანიზაცია Exilenova-ს ცნობით, ხანძარი კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეს ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაშიც გაჩნდა. Telegram-არხ ASTRA-ს ინფორმაციით კი, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები Wildberries-ის კიდევ ერთ ობიექტს თათრეთის ქალაქ ზელენოდოლსკში დაესხნენ თავს. ამ ეტაპზე მიყენებული ზარალის ზუსტი მასშტაბების დამოუკიდებლად დადასტურება ვერ ხერხდება.
ცნობისთვის, Wildberries-ი რუსეთის ონლაინ-ვაჭრობის ბაზრის ნახევარზე მეტს აკონტროლებს. პლატფორმაზე ორმაგი დანიშნულების პროდუქცია, მათ შორის ჯავშანჟილეტები და დრონებისთვის განკუთვნილ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებიც იყიდება - ოფიციალრმა კიევმა შეტევების განხორციელების მიზეზად სწორედ ეს ფაქტობრივი მოცემულობა დაასახელა.




























