რომის პაპს ფრანცისკეს კორონავირუსით ინფიცირებაზე შემოწმების გავლის შემდეგ, ვირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფრომაციას მედია გამოცემა Bloomberg-ი Il Messaggero-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, რომის პაპის შემოწმება კორონავირუსზე მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 83 წლის პაპს ხველა, დაბალი ტემპერატურა და ყელის ტკივილი აღენიშნებოდა. რომის პაპი გაციების გამო რამდენიმე დღე საჯარო შეხვედრებსაც არ ესწრებოდა.
იტალიაში კორონავირუსის აფეთქების ფონზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პაპს შესაძლოა, კორონავირუსი აქვს, თუმცა გუშინ ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2,036 შეადგინა, დაღუპულია 52 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 149 ინფიცირებული.