პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მდიდრულ სასახლეს იშენებს. სამშენებლო მოედანი კასკაისში, ლისაბონიდან 20 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს და ოჯახს უკვე 22 მილიონი დოლარი აქვს დახარჯული.
Ok Diarios-ს ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია ოთხი სართულისა და 4 უზარმაზარი ლუქსის მოწყობა, სასახლის ძირითადი ექსტერიერი მინის პანელებზე იქნება დამყარებული და ირგვლივ ულამაზეს პეიზაჟზე ექნება ხედი.
რონალდუს 20-ზე მეტი ძვირად ღირებული ავტომობილისთვის 2 უზარმაზარი ფარეხი მოეწყობა, აშენდება კინოთეატრი, სერვისების ზონა, სპორტული დარბაზი და ჩოგბურთის კორტი.
მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა 2024 წლის ივნისში უნდა დასრულდეს, პორტუგალიელი ვარსკვლავი სამშობლოში 2025 წლის ივნისამდე არ დაბრუნდება, რადგან არაბულ კლუბ "ალ-ნასრთან" კონტრაქტი სწორედ ამ დრომდე აქვს შეთანხმებული.