მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როცა ქვეყანა იღებს სტატუსს, ევროკავშირი იწყებს ზრუნვას ამ ქვეყნის EU-ს სტანდარტებთან დაახლოებაზე - EPRC- ის მკვლევარი

ზაზა შენგელია

"ისტორიული გამოცდილება მიუთითებს, რომ დიდწილად ევროპული საბჭო ყოველთვის ცდილობს გაითვალისწინოს ევროკომისიის რეკომენდაციები, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც,“- ამის შესახებ EPRC-ის მკვლევარმა ზაზა შენგელიამ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, გარკვეული დათქმებით, რომელთან ერთადაც ამ რეკომენდაციას გასცემს.

აღნიშნული დათქმები უფრო ვრცლად განმარტებულია გაფართოების შესახებ 75-გვერდიან ანგარიშში, რომლებშიც განსაზღვრულია ცხრა პრიორიტეტული მიმართულება, რომელთა შესახებაც საქართველომ პროგრესი უნდა აჩვენოს.

ზაზა შენგელიას შეფასებით, ევროინტეგრაციის პროცესი საქართველოსთვის დიდი ეკონომიკური ეფექტის მოტანა შეუძლია.

„შორს რომ არ წავიდეთ, შეგვიძლია გადავხედოთ აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნების ეკონომიკურ მონაცემებს, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების უკანასკნელ ტალღებში მოჰყვნენ. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ პოლონეთი, რომელმაც არნახული ეკონომიკური ზრდა განიცადა, არნახული ინფრასტრუქტურული განვითარება, რომელიც შეეხო პოლონეთის თითოეულ მოქალაქეს.

ეს არის განპირობებული იმით, რომ როცა ქვეყანა იღებს სტატუსს, ევროკავშირი იწყებს ზრუნვას, ამ ქვეყნის შესაბამისობაში მოყვანაზე ევროკავშირის სტანდარტებთან. არ იგულისხმება მხოლოდ ინსტიტუციური და პოლიტიკური რეფორმები, არამედ იგულისხმება ეკონომიკური მაჩვენებლები, ინფრასტრუქტურული განვითარება და ის კომპონენტები, რომლებიც უშუალოდ გავლენას მოახდენს საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრებაზე.

სანამ მივალთ წევრობამდე, რომელიც თვისობრივად სხვა საფეხურია, უნდა ვთქვათ, რომ გაცილებით დიდი ეკონომიკური სარგებელი ელის ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ.

ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგაც ქვეყნები იღებენ ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას ბრიუსელისგან, რათა სხვადასხვა მაჩვენებელი: ეკონომიკური თუ სოციალური ცხოვრების გაუთანაბრდეს იმ სტანდარტებს, რომლებიც ევროკავშირს აქვს დაწესებული“,-აცხადებს ზაზა შენგელია.

რონდელის ფონდის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი კი აცხადებს, რომ სტატუსის მიღების შემდეგ საქართველოს უჩნდება შესაძლებლობა ევროკავშირისგან წლიურად 300 მილიონ ევრომდე მხოლოდ დონორული დაფინანსება მიიღოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები