მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როცა უკრაინაში ომი დაიწყო, ყაზანის კლუბს გამოვუცხადე, რომ ვეღარ გავჩერდებოდი - ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელია The Players Tribune

“The Players Tribune” მედია პლატფორმაა, რომელიც უკვე 10 წელია ფუნქციონირებს და სპორტსმენების ისტორიებსა თუ უშუალო წერილებს აქვეყნებს. ახლახან ისინი ქართველ შემტევს ხვიჩა კვარაცხელიას დაუკავშირდნენ, რომელმაც მეტად ემოციური წერილი მისწერა პლატფორმას.

ხვიჩა წერილში ბავშვობის საყვარელ ფეხბურთელად საკუთარ მამას, ბადრი კვარაცხელიას ასახელებს, რომელიც მესისაც ერჩივნა და რონალდუსაც. კვარაცხელია რუსეთ-უკრაინის ომსაც შეეხო და განაცხადა, რომ რუსულ პრემიერ ლიგაში ასეთ პირობებში დიდი ხნით ვერ გაჩერდებოდა:

“2022 წელს უკრაინაში ომი იწყება. ომი დიდი სირცხვილია. ვფიქრობ, კაცთმკვლელობა საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მგონი მარტივია – მშვიდობა უნდა სუფევდეს. ასე რომ, როდესაც ომი დაიწყო ვიფიქრე "მე აქ ვერ გავჩერდები, ჩემი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის გამო კლუბს გამოვუცხადე, რომ უნდა წავიდე” - აცხადებს წერილში კვარაცხელია.

ხვიჩა დეტალურად იხსენებს საბერძნეთთან პენალტების სერიას რა დროსაც ძალიან ნერვიულობდა და მაქსიმალურად ცდილობდა კამერებისგან თავის არიდებას:

“საბერძნეთთან პენალტები როცა დაიწყო, საშინლად ვნერვიულობდი, არ მინდოდა ვინმეს ვენახე. ბოლოს ნიკამ რომ გაიტანა, მიწაზე დავეცი და ვაიმე, გამოგვივიდა მეთქი. ჩემმა ცოლმა თამაშის მერე მნახა და მკითხა მთვრალი ხომ არ ხარო, გასახდელში ლუდი დალიეო? მე ვუპასუხე, რომ უბრალოდ ბედნიერი ვიყავი” - ამბობს “ნაპოლის” ქართველი ფორვარდი.

წერილში ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის მეტოქეებზეც საუბრობს, სადაც ამბობს, რომ თავის კერპს კრიშტიანუ რონალდუს აუცილებლად სთხოვს მაისურის გაცვლას, მაგრამ ამასთან ერთად მის წინააღმდეგ გამარჯვებასაც ეცდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო პირველ თამაშს 18 ივნისს თბილისის დროით 20:00 საათზე თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს, რის შემდეგაც 22 ივნისს 17:00 საათზე ჩეხეთს დავუპირისპირდებით, ხოლო ბოლოს კი 26 ივნისს 23:00 საათზე პორტუგალიის ნაკრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები