ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ მალე წარმოადგენენ ახალ პროექტს, რომლითაც მოხდება „ენგურჰესის“ რესურსის ოპტიმიზაცია.
როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დებატებში მონაწილეობისას განაცხადა, "ენგურჰესში" მიმდინარეობს რთული, თუმცა აუცილებელი რეფორმა, რომელიც მოიცავს საკადრო, ოპერაციულ და ტექნიკურ მიმართულებებს.
„ძალიან რთული, თუმცა კომპლექსური და ძალიან საჭირო რეფორმა მიმდინარეობს დღეს ენგურჰესში, მათ შორის, საკადრო, ისევე როგორც სხვა საოპერაციო და ტექნიკური და ჩვენ, მიმდინარე პერიოდში, ძალიან მალე წარმოვადგენთ მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომლითაც მოხდება ყოველწლიურად ენგურჰესის რესურსის ოპტიმიზაცია, გაჯანსაღება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ინფრასტრუქტურულ ჩარევებს იმისთვის, რომ ჰესმა განაგრძოს მეტი სარგებლის მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ცნობისთვის, "ენგურჰესში" მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც BMG-სთვის ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს გახდა ცნობილი, კითხვებით ეკონომიკის სამინისტროს არაერთხელ მივმართეთ, თუმცა პასუხები ამ დრომდე არ მიგვიღია.
საქმე ისაა, რომ „ენგურჰესიდან“, რომლის 100%-იანი მფლობელი ეკონომიკის სამინისტროა 400-დან 500-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებენ - აღნიშნული ინფორმაცია BMG-ის სახელმწიფო კომპანიაში დასაქმებულმა რამდენიმე ადამიანმა მიაწოდა. „ამ ყველაფერს აქვს იძულებითი ფორმა და აიძულებენ, [აპრილის ბოლომდე], თავიანთი ნებით დაწერონ განცხადება წასვლის შესახებ, ყოველგვარი ანაზღაურების და კომპენსაციის გარეშე... გეოპოლიტიკური გარემოების გათვალისწინებით, რეორგანიზაციის ფორმით მასობრივად გათავისუფლების საკითხი არ შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ ადმინისტრაციულ ან ფინანსურ კონტექსტში, რადგან ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი... ეს გადაწყვეტილება პირდაპირ განაპირობებს სოფლების დაცლას, თან დაცლას ქართველებისგან", - განუცხადა bm.ge-ის ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელიც „ენგურჰესშია“ დასაქმებული და იქვე დასძინა, რომ „ენგურჰესში“ დასაქმებული 1 100-მდე ადამიანიდან, 70%-80% აფხაზეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს. სახელმწიფო კომპანია "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ დაადასტურა, რომ "ენგურჰესში" ოპტიმიზაცია მიმდინარეობს, მაგრამ არ დააკონკრეტა არც საკადრო ოპტიმიზაციის მასშტაბს და არც ის - როგორ იზრუნებს სახელმწიფო "ენგურჰესიდან" გათავისუფლებულ მოქალაქეებზე, რომელთა დიდი ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს.




























