მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„რთული ვითარება გვაქვს, რადგან ახალი ნავსადგურის პროექტი კვლავ შეუსრულებელია“ – APM Terminals

ფოთის პორტი

„ჩვენ დღეს რთული ვითარება გვაქვს“, - ამის შესახებ „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა „საქმიან დილაში“ I კვარტალში ფოთის პორტის გაზრდილ დატვირთვაზე საუბრისას განაცხადა და რთული ვითარების მიზეზად პორტის განვითარების შეუსრულებელი პროექტი დაასახელა.

„ჩვენი დაგეგმილი ახალი ნავსადგურის პროექტი ჯერჯერობით კვლავ შეუსრულებელია, რომელიც ნებართვის მიღებიდან ორ წელიწადში უნდა განხორციელებულიყო და დაახლოებით, ოთხი წელია დაყოვნებულია“, - აცხადებს ზვიად ჩხარტიშვილი „საქმიან დილაში“ სტუმრობისას.

საქმე ის არის, რომ ფოთის პორტის გაფართოების $300-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის საკითხი, რაზედაც ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია APM Terminals-სა და საქართველოს მთავრობას შორის კომუნიკაცია 2018 წლიდან მიმდინარეობს, ამ დრომდე ღიაა.

„ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზვიად ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე, გადმომისამართებული ტვირთებთან გამკლავება უჭირთ. მისი თქმით, ამის ერთ-ერთ მიზეზი შეზღუდული გამტარუნარიანობაა, ვინაიდან ფოთის პორტი დღეისთვის სრული დატვირთვით, სიმძლავრეების ზღვარზე მუშაობს. ის ამბობს, რომ APM Terminals Poti-ში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არსებულ ნაკადებს მოემსახურონ.

„მოლოდინის რეჟიმიდან გამომდინარე ჩვენ რეალობას თვალი გავუსწორეთ და პროცესების გადალაგება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით დავიწყეთ, რომელიც არ არის მარტივი - მაგალითისთვის, წელს ჩვენ პროცესებიდან შესვენების ამოღება დავიწყეთ და ასეთი შესვენების ფიქსირებული დრო აღარ გვაქვს, რაც ჩვენს პერსონალზე მძიმედ ისახება. მე მინდა ამ ადამიანებს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ქვეყნის პრესტიჟის შესანარჩუნებლად, შესვენებაზე თქვეს უარი.

გლობალურ ტვირთების 80% საზღვაო ტრანსპორტით გადაიზიდება და ყველა ქვეყანა პორტების განვითარებას ცდილობს და პირველ რიგში პორტები დაჩქარებული ტემპებით უნდა განვითარდეს“, - აცხადებს ზვიად ჩხარტიშვილი.

მისი ინფორმაციით, ფოთის პორტის მიერ დამუშავებული კონტეინერების 2025 წლის რეკორდული მაჩვენებლები 2026 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 5%-მდე ზრდა ფიქსირდება.

„დღეს რასაც ვახერხებთ ეს გემის დატვირთვა დაცლის პროცედურების გაუმჯობესებით ხორციელდება, იმისთვის რომ მომატებულ ნაკადს გავუმკლავდეთ. მაგრამ პირდაპირ უნდა ითქვას რომ ვაგვიანებთ და სამხრეთიდან გადმომისამართებული ნაკადისთვის შეიძლება სრულად მზად ვერც ვიყოთ. უკვე არსებული ნაკადებთან გამკლავება გართულებულია. კონტეინერების კუთხით ჩვენ რეკორდს რეკორდზე ვამყარებთ, მაგრამ ნაყარი და გენერალური ტვირთების დამუშავების შესაძლებლობა ყოველწლიურად მცირდება, რადგან საერთო გამტარუნარიანობა შეზღუდულია“, - ამბობს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი .

"მინისტრს შევხვდით... [ფოთის პორტის გაფართოებაზე] ველოდებით მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას" - ინტერვიუ

ცნობისთვის, ფოთის პორტის გაფართოების და ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესი ბოლო წლებია როგორც კომპანიის, ისე ხელისუფლების მხრიდან ანონსდება. უკანასკნელი გეგმით, მთავრობასა და ინვესტორს შორის 2023 წელს უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება, 2024 წელს დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები და 2026 წელს APM Terminals- ფოთს ახალ პორტში პირველი გემი უნდა მიეღო, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები