მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუბიო სომხეთს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - რა წერია მილოცვის წერილში?

რუბიო

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სომხეთს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მილოცვის ტექსტშია აღნიშნული, ვაშინგტონი მხარს უჭერს სომხეთის გზას ენერგოუსაფრთხოების გაზრდის, ვაჭრობის გაფართოებისა და სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით.

"ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სომხეთს, ჩვენს ძვირფას პარტნიორს, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის საერთო მიზნების მიღწევაში. ჩვენი მტკიცე ურთიერთობა ემყარება ძლიერ კულტურულ კავშირებს, საერთო პრინციპებს და რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ორმხრივ სურვილს.

პრეზიდენტი ტრამპის ისტორიული სამიტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და პროექტ "ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის" (TRIPP) განსახორციელებლად აშშ-ს მიერ სომხეთისთვის $145 მილიონის დახმარების გამოცხადება სომხეთის მიმართ ჩვენი ქვეყნის ურყევ ერთგულებას უსვამს ხაზს, ამავდროულად ხაზს უსვამს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას რეგიონული დაკავშირებადობის, ეკონომიკური ინვესტიციებისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენ სიამოვნებით ვუჭერთ მხარს სომხეთის გზას ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდის, ვაჭრობის გაფართოებისა და სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერებისკენ, ამავდროულად ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

სტრატეგიული პარტნიორობა და პრეზიდენტ ტრამპისა და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის მიერ ხელმოწერილი ორმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმები წარმოადგენს ჩვენი ძალისხმევის ქვაკუთხედს ამ საერთო მიზნების წინსვლისკენ.

რადგან სომხეთი აგრძელებს თავისი მომავლის, როგორც მშვიდობისა და ზრდის გზაჯვარედინის, ჩამოყალიბებას, შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას უფრო დაკავშირებული, სტაბილური და აყვავებული რეგიონის მიმართ", - წერია მილოცვის წერილში.

ცნობისთვის, აშშ სომხეთისთვის „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) განსავითარებლად რომ 145 მლნ დოლარის დახმარების გამოყოფას გეგმავს, მიმდინარე კვირის დასაწყისში გახდა ცნობილი. 8 აგვისტოს კი აშშ-ის შუამავლობით, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების მიზნით. მათ შორის არის Trump Route for International Peace and Prosperity (TRIPP), რომლის მიზანიც ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის სომხეთის გავლით აზერბაიჯანის დანარჩენ ნაწილთან დაკავშირება იყო. ეს იგივეა, რასაც აზერბაიჯანი „ზანგეზურის დერეფანს“ უწოდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები