მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუმინელი ფერმერები მთავრობას უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას სთხოვენ

უკრაინული მარცვლეული
BM. GE
17.09.23 11:15
61

რუმინელი ფერმერები მთავრობას მიმართავენ და სთხოვენ ქვეყანაში უკრაინული მარცვლეულის და სხვა საკვები ნაწარმის იმპორტი ცალმხრივ რეჟიმში აიკრძალოს. ამ თხოვნით ფერმერთა გაერთიანებამ მთავრობას მას შემდეგ მიმართა, რაც ევროკომისიამ შეზღუდვების მოხსნა გადაწყვიტა.

„თუ ისეთმა ქვეყანამ, როგორიც პოლონეთია, რომელიც რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში უკრაინას სრულად მხარს უჭერს ეს გადაწყვეტილება მიიღო, არ გვესმის, რატომ არ უნდა გააკეთოს იგივე რუმინეთმა“, - ნათქვამია სოფლის მეურნეობისა და კოოპერატივების ასოციაციის განცხადებაში, რომელსაც რუმინული გამოცემები ავრცელებენ.

ფერმერები აღნიშნავენ, რომ მათი თხოვნა არც ერთ შემთხვევაში არ იქონიებს გავლენას რუმინეთის გავლით უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ტრანზიტზე სხვა მიმართულებით, როგორც ეს არსებულ მდგომარეობაში ხდება.

უკრაინული გამოცემა UNIAN-ი წერს, რომ რუმინეთი ერთ-ერთია იმ 5 აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბულგარეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი, სადაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი განსაკუთრებით გაიზარდა. ამ გარემოებამ კი ადგილობრივ ბაზრებზე იმოქმედა და ფერმერთა პროტესტი გამოიწვია. თავის მხრივ ამ გარემოებიდან გამომდინარე ევროკავშირმა 15 სექტემბრამდე სავაჭრო შეზღუდვები დააწესა.

15 სექტემბერს პოლონეთმა, სლოვაკეთმა და უნგრეთმა ცალმხრივი აკრძალვის შესახებ განაცხადეს. რუმინეთის მთავრობაში აცხადებდნენ, რომ რუმინელი ფერმერების დაცვის მექანიზმების შემუშავებამდე, მზად არიან საექსპორტო კონტროლის უკრაინული გეგმის განხილვისთვის, რომელიც მარცვლეულის ბაზრებს უარყოფით ზეგავლენისგან დაიცავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები