მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსების მიერ ჩინური იუანის შესყიდვები 800%-ით გაიზარდა - ახალი სარეზერვო ვალუტა რუსეთისთვის?

62cd8a3670c74
გიორგი თოლორდავა
12.07.22 19:00
3578
დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციების ფონზე, რუსეთში ჩინურ ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, მაისიდან დღემდე რუსების მიერ იუანის შესყიდვები თითქმის 800%-ით გაიზარდა.

იუანზე მოთხოვნის ზრდა რუსეთში უცხოური ვალუტების რეზერვის დივერსიფიცირების სურვილითაა განპირობებული. საგულისხმოა, რომ რუსეთს შეზღუდული აქვს ამერიკული დოლარითა და ევროთი სარგებლობა, ალტერნატიულ სარეზერვო ვალუტად კი სწორედ ჩინური იუანი განიხილება, რომელსაც თითქმის ყველა ის ძირითადი ფუნდამენტური ფაქტორი აქვს, რომელიც აუცილებელია სარეზერვო ვალუტად კვალიფიცირებისთვის, კერძოდ, ესენია: ძლიერი ეკონომიკის მხარდაჭერა, სტაბილურობა, დაბალი ვოლატილობა, მდგრადობა და საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა.

ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ბანკის - Otkritie-ს ცნობით, რუბლი-იუანის თვიურმა სავაჭრო ბრუნვამ $700 მილიონს გადააჭარბა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად რუსეთს შეწყვეტილი აქვს დასავლური ვალუტების შესყიდვა, თუმცა სავალუტო ინტერვენციებისთვის ეროვნული რეზერვი უცხოურ ვალუტას აუცილებლად საჭიროებს, ევროსა და დოლარის ალტერნატივად კი იუანის გამოყენებას სულ უფრო მეტი გავლენიანი ეკონომისტი უჭერს მხარს.

აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებს ალექსეი კუდრინიც, რომელიც რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი (2000-2011), მოსკოვის საფონდო ბირჟის (MOEX) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რუსეთის ფედერაციის აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი და Sberbank-ის საბჭოს წევრია.

„სამწუხაროდ, დღეს დოლარი, ევრო და რიგი სხვა მსოფლიო სარეზერვო ვალუტები ჩვენთვის მიუწვდომელია, თუმცა მსოფლიოში არის კიდევ ერთი სარეზერვო ვალუტა - ჩინური იუანი. მომავალში, სავარაუდოდ, სწორედ იუანში მოგვიწევს სარეზერვო თანხის შენახვა. მართალია, იუანი უფრო მერყევი და არასტაბილურია, ვიდრე სხვა დასავლური სარეზერვო ვალუტები, თუმცა რუბლის დაცვის მიზნით, ჩვენ ამის გაკეთება მაინც მოგვიწევს“, - განაცხადა კუდრინმა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები