"რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს", - ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურის მრჩეველის, ალენა შევცოვას განცხადების საფუძველზე იტყობინება.
„რუსებმა დაიკავეს ჩერნობილის სადგური. სადგურის პერსონალი ტყვეობაში ჰყავთ. ეს საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის უსაფრთხოებას“, - აცხადებს შევცოვა.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა, რომ რუსული საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ტერიტორიის დაკავებას ცდილობდნენ.
"რუსული საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ჩვენი მებრძოლები სიცოცხლეს სწირავენ, რათა 1986 წლის ტრაგედია აღარ განმეორდეს. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრსაც განვუცხადე, ეს არის ომის გამოცხადება მთელი ევროპის წინააღმდეგ", - წერს ზელენსკი.