„ოდა დიემსი“ საქმიანი ტურიზმის სააგენტოა, რომელიც ძირითადად კორპორაციულ სეგმენტს ემსახურება. როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის დამფუძნებელმა ვიკა შარიამ განაცხადა, „ოდა დიემსს“ დამკვეთები, ძირითადად, რუსეთიდან ჰყავს, რადგან ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე ვერ მუშაობს, ევროპის ქვეყნებიდან ინტერესი კი მაღალი არაა.
"სამწუხაროდ, ძირითადად, რუსეთიდან მოდიან აქტიურად {დამკვეთები}“, - ამბობს ვიკა შარია, თან იმასაც უსვამს ხაზს, რომ თავად ძალიან პროუკრაინული პოზიცია აქვს, რასაც სოციალურ ქსელშიც ღიად აფიქსირებს.
"ეტყობა ბევრი ჩემი პარტნიორი [რუსეთიდან] პროფესიონალიზმს და საქმისადმი ჩემს მიდგომას უფრო მაღლა აყენებს“, - დასძინა მან.
„წერტილთან“ ინტერვიუში „ოდა დიემსის“ დამფუძნებელმა გულწრფელად ისაუბრა რუსეთის კორპორაციული სეგმენტის მხარჯველუნარიანობაზეც და იმაზეც, რატომ ვერ ხედავს პრობლემას, რუსეთიდან დამკვეთებს მოემსახუროს.
- ის, რომ აქ ჩამოდიან რუსეთიდან, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ისინი ჩვენგან ისმენენ მედლის ჩვენ მხარეს - მათ არ ვუმალავთ ჩვენს რეალობას და ჩვენს მოცემულობას; ვუხსნით რატომ ვდგავართ ქუჩებში, რატომ არის ხანგრძლივი პროტესტი საქართველოში, რატომ ვუჭერთ პროევროპულ კურსს მხარს და ა.შ. შესაბამისად, დაკავებული ვართ მათი ინფორმირებითაც. ოდითგანვე ასე იყო - მე როცა მეკითხებიან, საიდან ვარ, ვეუბნები, რომ აფხაზეთიდან, რომელიც შენი ქვეყნის მიერაა ოკუპირებული. ზოგი ბოდიშს მიხდის, ზოგს ეს არ სიამოვნებს, მაგრამ ამაზე გულღიად ვსაუბრობთ. შესაბამისად, ეს არის სასარგებლო.
მეორე მხრივ, მოგვწონს ეს თუ არა, ყველაზე მაღალმხარჯველუნარიანი ბაზარია, მიუხედავად იმისა, რომ [რუსეთში] არის ეკონომიკური კრიზისი და ა.შ. საქმიანი ტურიზმი მოიცავს სატრანსპორტო მომსახურებას, საკონფერენციო მომსახურებას, ისინი რჩებიან მხოლოდ 4-5-ვარსკვლავიან სასტუმროებში. 50-100-200-კაციანი ჯგუფები ჩამოდის მთლიანად შეკრული პაკეტით და შესაბამისად, საბოლოო ჩეკი საკმაოდ მაღალია - შედეგად, ჩვენც და სახელმწიფოც ვხეირობთ და რატომაც არა.
- ტურიზმის ინდუსტრიის ზოგიერთი წარმომადგენელი არ ემსახურება რუს კლიენტებს და ტურისტებს... თქვენ არ გაქვთ მსგავსი დილემა?
- დილემა არასდროს მქონია. მათ ჩვენ სიმართლეს ვუყვები. სანამ ისინი საქართველოში ჩამოვლენ, ვუგზავნი საინფორმაციო ბუკლეტს და ვეუბნები: გაითვალისწინეთ, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უპირობოდ მხარს უჭერს უკრაინას; ჩვენ ვართ თქვენი პრეზიდენტის [ვლადიმერ პუტინის] წინააღმდეგ; აქ თქვენ დაგხვდებათ ძალიან ბევრი ნეგატიური წარწერა რუსეთის კონტენქსტში და ა.შ. ამ ყველაფერს ისინი კითხულობენ და იცით რა?! ჯგუფის 60-70% ომის წინააღმდეგია. რუსეთის მოქალაქეების დაცვას არ ვაპირებ, მაგრამ ვისთანაც მაქვს შეხება, რცხვენიათ და საკუთარი მთავრობის მიუღებლობა სჭირთ.