მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთ-საქართველოს შორის სხვა ქვეყნების გავლით კრიპტოტრანზაქციები ყველაზე მეტად გამოიყენება - Argos Advisory

Argos Advisory

ევროპული კომპანია Argos Advisory-ის დირექტორი მარციალ სმეცი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის სხვა ქვეყნების გავლით ტრანზაქციებში ყველაზე მეტად კრიპტოვალუტა გამოიყენება და საქართველოში ამის კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. ამის შესახებ მან BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან საქართველოს კანონმდებლობის თავსებადობაზე საუბრისას განაცხადა.

მარციალ სმეცმა აღნიშნა, რომ კომპანია საქართველოში 3-4 წელია ოპერირებს და საკითხზე საუბრისას სწორედ თავის გამოცდილებას დაეყრდნობა, რეგიონში და ქვეყანაში მარეგულირებლებთან და მთავარ ბანკებთან თანამშრომლობით დაუგროვდა. Argos Advisory-ის დირექტორი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მთავარი გამოწვევა ქეშის და კრიპტოვალუტის მენეჯმენტია.

„საქართველოში დღეს არსებული ჩარჩო საერთაშორისო სტანდარტებთან შედარებით, და აქ მთავარ აქცენტს ვაკეთებ ევროკავშირის რეგულაციებზე საქართველოს ევროპული პერსპექტივის გათვალისწინებით, საკმაოდ გამართულია. Moneyval-ის შეფასებით, საქართველო საკმაო პროგრესს აჩვენებს ამ გზაზე. მაგრამ არის ელემენტები, რომლებიც მომავალში სულ უფრო და უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდება. ერთი საკითხი – ნაღდი ფულის მენეჯმენტს შეეხება.

საქართველოს ეკონომიკა დღეს კიდევ საკმაო დოზით არის დამოკიდებული ნაღდ ფულზე. ევროპასთან შედარებით ეს ნამდვილად განსხვავებული სურათია. ევროპაში ყველა ქვეყანას აქვს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ქეშის რაოდენობა მცირდება. ქეშზე დაწესებული ლიმიტები ევროპის ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია – ზოგიერთ ქვეყანაში, პრაქტიკულად შეუძლებელია 1000 ევროზე მეტი ქეშის მენეჯმენტი. სხვაგან შესაძლოა ეს ჭერი რამდენჯერმე მაღალი იყოს. გასათვალისწინებელია ასევე ტრანზაქციის ტიპებიც. დღეს ვფიქრობ, ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა – ქეშის მენეჯმენტი – საქართველოში. ამის შემდეგ – შეგვიძლია ვისაუბროთ კრიპტოზე. ჩაივლით რუსთაველზე და ბევრ მაღაზიას დაინახავთ, რომელიც კრიპტოსერვისს გთავაზობთ. კრიპტო–ვალუტა დღეს ყველაზე მეტად გამოიყენება იმისთვის, რომ რუსეთ–საქართველოს შორის სხვა ქვეყნების გავლით მოხდეს თანხების ტრანზაქცია. აქაც – კონტროლი საკმაოდ დიდი გამოწვევაა“, - განმარტავს მარციალ სმეცი.

მისი ინფორმაციით, ევროპაში კრიპტო–ვალუტა რეგულირებულია და ამ მიმართულებით ევროპას საკმაოდ კომპლექსური და გამართული კანონმდებლობა აქვს. აქვე ის აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის რეგულირების ნაწილში საქართველოს გზამკვლევი აქვს, გარკვეული რეგულაციები დანერგილიც აქვს – ეს რეგულაციები ძირითადად ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას ეხება.

„კრიპტოვალუტის ფულის გათეთრების კომპონენტი საქართველოში რეგულირებულია – თუ სერვისის მიმწოდებლად დარეგისტრირება გსურთ, ლიცენზიისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა მიმართოთ“, - აღნიშნავს მარციალ სმეცი და აქვე ამბობს: „გამოწვევა იმ ნაწილშია, რომ ეს ეხება ლიცენზირებულ მიმწოდებლებს. ინდივიდებს, ან მაგალითად, ბანკებს, რომლებიც კრიპტოს ყიდიან, რომლებსაც არავითარი ლიცენზია არ გააჩნიათ და მაინც ამ ბიზნესში არიან, არაფერი არეგულირებს“.

„ანალიტიკას“ წამყვანის კითხვაზე დგება თუ არა ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის პრობლემა, Argos Advisory-ის დირექტორი პასუხობს: დგება პრობლემა, რომელიც ბანკების მიერ ტრანზაქციის მიკვლევადობას ართულებს. ინფორმაციის ნაკლებობას ქმნის. ეს სუსტი მხარეა – დღეს თავსებადობის თვალსაზრისით, ევროპული ბანკები ძირითადად ინვესტიციებს ინფორმაციის, მონაცემების ხარისხის გასაძლიერებლად მიმართავენ. ამაზე მილიონებს ხარჯავენ. საქართველოში ეს აქცენტი თითქმის არ არის.

ევროპაში მარეგულირებელს წვდომა აქვს ბანკების სრულ მონაცემთა ბაზაზე, სადაც ჩანს ყველა ის საჭირო ინფორმაცია თუ მონაცემი, რაც შეიძლება სისტემას აკლდეს და სადაც შეიძლება მეტი კონტროლი იყოს საჭირო. ამდენად, მარეგულირებელს ყოველი კონკრეტული მონაცემის ნაკლებობისთვის საფინანსო ინსტიტუტის დაჯარიმება არ უწევს – მხოლოდ იმ შემთხვევაში დააჯარიმებს მათ, თუკი დაინახავს, რომ კონტროლის მექანიზმი არ არის სრულად და თანმიმდევრულად დანერგილი. ეს აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომაა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები