ე.წ. ოფშორების შესახებ კანონის მიღების შემდეგ გაჩნდა საფრთხე, რომ ქვეყანა ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ ნაცრისფერ ზონაში მოხვდეს. რას ნიშნავს ეს და რა მიზეზებით შეიძლება ქვეყანა ამ სიაში აღმოჩნდეს, განმარტებები ამის შესახებ გადაცემა "ანალიტიკაში" Argos Advisory-ის დირექტორმა, მარციალ სმეცმა გააკეთა.
სმეცის თქმით, ამ სიაში ქვეყნის მოხვედრა სრული კოშმარია ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტისთვის.
"ეს არის საერთაშორისო გზამკვლევი, რომლის დანერგვასაც ცდილობენ ქვეყნები. ეს არის მთავარი სტანდარტი. ყველა ქვეყანას აფასებს კომისია – საქართველოს შემთხვევაში ეს მანივალია. სხვადასხვა ელემენტს აფასებენ – ეს შეიძლება იყოს საბანკო სექტორი, მარეგულირებელი, პოლიტიკური გარემო .. ჰოლისტური მიდგომაა .. ამის შემდეგ ისინი ადგენენ რეკომენდაციებს. თუ შეამჩნევენ მნიშვნელოვან სისუსტეებს, ქვეყანა ხვდება ნაცრისფერ ზონაში. ამ ზონაში მოხვედრა პირდაპირ გეტყვით სრული კოშმარია ნებისმიერი ტიპის ფინანსური ინსტიტუტისთვის. ყველაზე დიდი რისკი აქ ის არის, რომ საკორესპონდენციო ტრანზაქციებს შეიძლება დაემუქროს საფრთხე და დოლარში, ევროში ტრანზაქციის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდეს. რეგიონში შეიძლება მოვიძიოთ ეს მაგალითები. პაკისტანი – რამდენჯერმე მოხვდა ნაცრისფერ ზონაში. იქ თითქმის შეუძლებელია დოლარში და ევროში საბანკო ოპერირება, რაც თავის მხრივ, ზრდის ჩრდილოვან ბაზარს, რაც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს სიტუაციას", - განმარტა Argos Advisory-ის დირექტორმა.
მან მალტის მაგალითი მოიყვანა, როდესაც აღნიშნულ ქვეყანაშიც მიიღეს კანონი, რომელმაც გამოიწვია მისი FATF-ის ნაცრისფერ ზონაში მოხვედრა.
"მალტამ მიიღო სწორედ მსგავსი კანონი იმ განსხვავებით, რომ საგადასახადო შეღავათები მოარგო სპეციფიკურად უცხოური კომპანიების მიერ მალტაში ადგილობრივი კომპანიების ფლობის შესაძლებლობას და ამ გზით ცდილობდა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციის მოზიდვას. 15 წელია უკვე ეს კანონმდებლობა მოქმედებს მალტაში და შეიძლება სრულიად თამამად ითქვას, რომ ძალიან დიდი უარყოფითი სახელი, რეპუტაცია მოუტანა ქვეყანას. რაღაც მომენტში მალტა FATF-ის ნაცრისფერ სიაშიც კი იყო შეყვანილი. ერთადერთი ევროპული ქვეყანა ამ სიაში. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ დიახ – შეძლეს უცხოური ინვესტიციის მოზიდვა, მაგრამ ამ ინვესტიციებში იყო კარგი ინვესტიციებიც და გაცილებით ნაკლებად კარგი ინვესტიციებიც. ამდენად, საქართველოში მსგავსი კანონის არსებობა კონტროლის გამართულ მექანიზმს მოითხოვს – უნდა იცოდე, საიდან შემოდის ინვესტიცია, ვის ეკუთვნის, სანქციებთან მიმართებით პრობლემას ხომ არ შექმნის და ა.შ", - განმარტა მან.