საქართველოს ახლა ძალიან აქტიურად აკვირდებიან, - ამის შესახებ ICC- Georgia-ს თავმჯდომარე, ფადი ასლიმ გადაცემა „ანალიტიკაში“ ე.წ. ოფშორების შესახებ კანონის მიღებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თბილისი მსოფლიოს ფულის გათეთრების დედაქალაქი არ უნდა გახდეს. როგორც მან აღნიშნა, ახლა საქართველოს ამ კონტექსტში ყურადღებით აკვირდებიან.
„რა თქმა უნდა, დიდი შვიდეულის მარეგულირებელი ორგანო - FATF (Financial Action Task Force) აკვირდება ამ ყველაფერს. თბილისი მსოფლიოს ფულის გათეთრების დედაქალაქი არ უნდა გახდეს. შესაბამისად, ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი თანხების შემოსვლას აქტიურად აკვირდება. საქართველო, შესაძლოა, აღმოჩნდეს ნაცრისფერ სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება გართულებული იყოს ტრანზაქციები, ტრანსფერები, რაც ძალიან რთული იქნება ბიზნესოპერატორებისთვის, რადგან თითოეული ტრანზაქცია იქნება შემოწმებული, რათა აღმოაჩინონ, საიდან მოდის ეს თანხები.
ზოგადად, საკმაოდ რთულია ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის რეგულაციებთან გამკლავება, როდესაც ფულის გათეთრებას ეხება საქმე, ეს სახუმარო თემა არ არის. სავარაუდოა, რომ თუ ბანკები, იქნებიან ფულის მიღებაში ჩართული, ისინი ასევე, შესაძლოა, იყვნენ სანქცირებულები. შესაბამისად, ეს კანონმდებლობა საქართველოს სწევს უკან და ქმნის უფრო მეტ სირთულეს არსებულ კონტექსტში. ყველა თვალი ჩვენ გვიყურებს. უკვე გვაქვს ძალიან რთული ურთიერთობა დასავლეთთან, ვერ გამოვიყენებთ ჩვენს ბერკეტს დასავლეთთან, რათა მათ ვუთხრათ, რომ ეს ცუდი რამ არ არის“, - განაცხადა ფადი ასლიმ.
მისივე თქმით, ე.წ. ოფშორების კანონის მიღებას ორი მიზანი აქვს. როგორც მან გადაცემა “ანალიტიკაში” განაცხადა, პირველი მიზანი ბიძინა ივანიშვილზე მორგებაა, ხოლო მეორე - სხვა ოლიგარქებისთვის გზის გახსნა, რათა თავიანთი კაპიტალი საქართველოში გადმოიტანონ.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ეროვნულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა შეფასება იმის შესახებ, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ოფშორული ზონებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის საგადასახადო შეღავათმა საქართველოს საინვესტიციო სტატუსზე. ICC-ის შეფასებით, კანონი ქმნის რისკებს, რომ ქვეყანაში სანქცირებული რუსი ოლიგარქების აქტივები შემოვიდეს.
ცნობისთვის, ე.წ ოფშორების კანონზე პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 29 მაისს დაძლია. პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში მიუთითებდა, რომ კანონი წარმოშობს მთელ რიგ რისკებს საქართველოს საინვესტიციო სტატუსის შესახებ.