Argos Advisory-ის დირექტორის მარციალ სმეცის შეფასებით, საქართველომ „ოფშორების შესახებ“ კანონი ინვესტიციების მოსაზიდად მიიღო, თუმცა ქვეყანაში მსგავსი კანონის არსებობის შემთხვევაში კონტროლის მექანიზმები გამართული უნდა იყოს.
„ანალიტიკაში“ სტუმრობისას კომპანიის ხელმძღვანელმა მალტას მაგალითზე ისაუბრა, რომ მათაც ჰქონდათ მსგავსი კანონმდებლობა, რის გამოც გარკვეული პერიოდი FATF-ის ნაცრისფერ სიაშიც შეიყვანეს.
„ეს კანონი დანახულია, როგორც შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ მოიძიოს უცხოური ინვესტიცია. უცხოური ინვესტიციის მოზიდვა ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ შეიძლება ქვეყანამ ეს ინვესტიციები კარგი წყაროებიდან მოიზიდოს და პირიქით, საეჭვო ფონდებიდან. სანამ რეგიონში შემოვიდოდა ჩემი კომპანია, მალტაში ვმუშაობდი და მალტამ მიიღო სწორედ მსგავსი კანონი იმ განსხვავებით, რომ საგადასახადო შეღავათები მოარგო სპეციფიკურად უცხოური კომპანიების მიერ მალტაში ადგილობრივი კომპანიების ფლობის შესაძლებლობას და ამ გზით ცდილობდა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციის მოზიდვას. 15 წელია უკვე ეს კანონმდებლობა მოქმედებს მალტაში და შეიძლება სრულიად თამამად ითქვას, რომ ძალიან დიდი უარყოფითი სახელი, რეპუტაცია მოუტანა ქვეყანას. რაღაც მომენტში მალტა FATF-ის ნაცრისფერ სიაშიც კი იყო შეყვანილი. ერთადერთი ევროპული ქვეყანა ამ სიაში. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ დიახ – შეძლეს უცხოური ინვესტიციის მოზიდვა, მაგრამ ამ ინვესტიციებში იყო კარგი ინვესტიციებიც და გაცილებით ნაკლებად კარგი ინვესტიციებიც. ამდენად, საქართველოში მსგავსი კანონის არსებობა კონტროლის გამართულ მექანიზმს მოითხოვს – უნდა იცოდე, საიდან შემოდის ინვესტიცია, ვის ეკუთვნის, სანქციებთან მიმართებით პრობლემას ხომ არ შექმნის და ა.შ“, - განაცხადა მარციალ სმეცმა და დასძინა, რომ „თავისთავად, ინვესტიციის მოზიდვა ამ ფორმით შეიძლება – ოღონდ მაშინ კონტროლის მექანიზმი უნდა იყოს გამართული. თუ ეს ასე არ იქნება – ქვეყანა მზად უნდა იყოს რეპუტაციული ზიანისთვის“.