მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს საბანკო სექტორმა ზუსტად იცის, რომ უნდა დაემორჩილონ საერთაშორისო სანქციებს - Argos Advisory

ბანკები

საქართველოს საბანკო სექტორმა, რომელიც საკმაოდ განვითარებული ბაზარია, ზუსტად იცის, რომ მათთვის აბსოლუტური ვალდებულებაა, რომ დაემორჩილონ საერთაშორისო სანქციების რეჟიმს, - ასე აფასებს Argos Advisory-ის დირექტორი, მარციალ სმეცი საქართველოს კომერციული ბანკების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღქმას. როგორც გადაცემა "ანალიტიკაში" სმეცმა განაცხადა, საქართველოში იმის გაცნობიერება, თუ რა რისკები უკავშირდება საერთაშორისო სანქციების უგულებელყოფა, საკმაოდ მაღალია.

"მათ იციან, რომ უნდა დაემორჩილონ საერთაშორისო სანქციების რეჟიმს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდებიან. მაგალითებიც არსებობს. მაგალითად, BNPP დაჯარიმდა 2015 წელს 6.7 მილიარდი დოლარით, "უნიკრედიტი" დაჯარიმდა 2.4 მილიარდი დოლარით – ძალიან დიდ ჯარიმებზე ვსაუბრობთ. აბსოლუტურად არ შეიძლება ამ თანხების შედარება იმასთან, თუ როგორ შეიძლება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დააჯარიმოს კომერციული ბანკები საქართველოში. ჯარიმაზეც რომ არ იყოს საუბარი, ისიც ესმით ბანკებს, რომ შესაძლოა, დოლარში ვაჭრობის შესაძლებლობა დაკარგონ. ამ შემთხვევაში, სჯობს ბანკმა კარი დაკეტოს.

რაც შეეხება სებ–ის რეგულაციას, უფრო კონკრეტულად, საკორესპოდენციო ბანკების გადმოსახედიდან შევხედოთ ამ საკითხს. ეს ბანკები თავიანთ პარტნიორებთან ურთიერთობის და თანამშრომლობის პერიოდულ შეფასებას ახდენენ, ამ შეფასებაში ისინი კონკრეტულ ბანკსაც ითვალისწინებენ, მაგრამ არა მხოლოდ. პირველი ელემენტი, რასაც ისინი აფასებენ – ქვეყნის რეპუტაციაა. ამ კუთხით ისინი ყურადღებას გაამახვილებენ რეგულაციებზე, მარეგულირებელზე და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სტაბილურობაზე. შეაფასებენ მთელ გარემოს. მე რასაც ვხედავ აქ, როგორც მთავარ რისკს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაკონტროლდეს – ქვეყნის სტაბილურობის აღქმაა და იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს ჰქონდეს ნდობა საზღვრებს გარეთ", - განაცხადა Argos Advisory-ის დირექტორმა, რომელიც საერთაშორისო სავაჭრო პალატის სპეციალურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით.

წამყვანის კითხვაზე, თუ რა კითხვებს ისმენს ის ყველაზე ხშირად ინვესტორებისგან, სმეცმა აღნიშნა, რომ ყველა კითხვა უკავშირდება სანქციებს.

"საბანკო სექტორისგან თუ მასთან მიმართებით ყველა კითხვა უკავშირდება სანქციებს. ბევრი ინვესტორისთვის საქართველო საბანკო სამოთხე იყო. ქართული ბანკისთვის წარმოუდგენლად ადვილი იყო კონტროლის მექანიზმების დანერგვა და აღსრულება. რეგულაციები გაცილებით მარტივი იყო და სწრაფად და ეფექტურად იყო შესაძლებელი რისკების შემცირება და გარემოს მართვა. ახალი ტიპის რეგულაციების პირობებში, რომლებიც ძირითადად რუსეთს, რუსულ ინდუსტრიას უკავშირდება – მთელი გარემო შეიცვალა, ყველასთვის – მათ შორის, საქართველოსთვისაც. საუკეთესო ბანკების შემთხვევაშიც კი, შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ, რომ სანქციების თავიდან არიდებას არ აქვს ადგილი? რა თქმა უნდა – არა", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, იმისთვის რომ რეპუტაციული რისკები შემცირდეს, ყველა ელემენტის ხელახლა გადააზრებაა საჭირო, - "საფიქრალია პროცესი, მექანიზმები, კადრები, კორპორაციული კულტურა. ეს ყველაფერი დიდ ინვესტიციებს მოითხოვს და ბანკები უნდა დაეწიონ ამ ყოველდღიური ცვლილებების ტემპს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები