მიმდინარე 2024 წელი თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულად და სისხლის ღვრით აღსავსედ შევა. რუსეთ-უკრაინის ომს უკვე მეორე წელიწადი შეუსრულდა და ის უკვე განსაკუთრებული სისასტიკის ფაზაში გადავიდა, სადაც ბრძოლაში დაღუპულებს არა ერთეულებით, არამედ ასეულებით ითვლიან.
დედამიწის მეორე მხარეს, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კიდევ ერთი ომი მიმდინარეობს, სადაც ერთმანეთს ისრაელი და ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი უპირისპირდებიან.
აქტიური კონფლიქტების გარდა, თითქმის ყოველდღიურად უარესდება ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა, რაც გლობალურ გეოპოლიტიკურ რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.
ამ კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე ექსპერტები ხშირად მსჯელობენ და ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი, რომელიც ამ თემატიკით განსაკუთრებითაა დაინტერესებული პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი მეწარმე ილონ მასკია.
ცოტა ხნის წინ, Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელმა MIT-ის პროფესორთან და ცნობილი პოდკასტის ავტორთან, ლექს ფრიდმანთან სწორედ ომის თემატიკაზე ისაუბრა და ამ ინტერვიუს დეტალებს დღე უფრო ვრცლად შემოგთავაზებთ.
დავიწყოთ ისრაელ-ჰამასის ომით. ლექს ფრიდმანის შეკითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენია მას კონფლიქტის დასრულდება, ილონ მასკი ასე პასუხობს:
„ამ შეკითხვაზე მარტივი პასუხი არ არსებობს, განსაკუთრებით იმ გეოპოლიტიკური მოცემულობის გათვალისწინებით, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონშია. ჩემი შეფასებით, ჰამასის მიზანი ისრაელის მხრიდან მაქსიმალურად მწვავე რეაქციის გამოწვევა იყო, პირველი თავდასხმა მათ სწორედ ამ მიზნით განახორციელეს. ცხადია, ისრაელის პასუხს მთელი მსოფლიო დაინახავდა და ჰამასსაც ეს სურდა, რადგან ისინი შეეცდებოდნენ ისრაელის რეაქციის გარშემო შეექმნათ მსხვერპლის ნარატივი და მთელი ისლამური სამყარო გაეერთიანებინათ ისრაელის წინააღმდეგ.
ჩემი აზრით, ამ ომის დასასრულებლად ისრაელმა ორი რამ უნდა ქნას, პირველ რიგში, უნდა გაწყვიტოს და გაანადგუროს ჰამასის ლიდერები, რადგან ამის გარეშე ტერორისტული აქტები არასოდეს დასრულდება და მეორე - ღაზის სექტორში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ მან უნდა გამოიჩინოს ისეთი სიკეთე, რომლის მსგავსს არავინ მოელის. ეს უკანასკნელი კი იმას უზრუნველყოფს, რომ მის წინააღმდეგ კონფლიქტში სხვა მხარეები არ ჩაერთვებიან და კონფლიქტი დასასრულს მიუახლოვდება. რატომ მგონია სიკეთის გამოჩენის გზა საუკეთესო? - ახლავე აგიხსნით, საქმე ისაა, რომ ყოველი მოკლული ჰამასის წევრის სანაცვლოდ ორი ან სამი ახალი ჩნდება და ღაზის სექტორში ისრაელის მიმართ სიძულვილი ძლიერდება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ისრაელმა ან ყველა ჰამასის წევრი ერთდროულად უნდა გაწყვიტოს, რაც გენოციდის ტოლფასი იქნება, ან ღაზის სექტორს სიკეთე დაანახოს და არსებული სიძულვილი განაქარწყლოს. თუკი ისრაელი ასე არ მოიქცევა, ჰამასი არასოდეს შეწყვეტს არსებობას და კონფლიქტიც არასოდეს მოგვარდება”.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ილონ მასკი ხშირად საუბრობს, რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება. მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი მეწარმის შეფასებით, ომი ამჟამად მოცემულ საზღვრებში უნდა გაჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მან, შესაძლოა, პირველი მსოფლიო ომის მსგავსი, სანგრების ომის სახე მიიღო და ის წლების განმავლობაში გაგრძელდეს.
„ვფიქრობ, დროებითი მშვიდობა ან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამჟამად არსებული საზღვრების ფარგლებში უნდა შედგეს. არა მგონია, რომელიმე მხარემ მეტი ტერიტორია დაიკავოს ან აწ უკვე მოპოვებული პოზიციები დათმოს. ამ მოცემულობას ის ფაქტი განაპირობებს, რომ შეტევაზე გადასვლა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე თავდაცვითი პოზიციის შენარჩუნება. მოგეხსენებათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით სანგრები, სათვალთვალო ობიექტები, დანაღმული ველები და ბარიკადებია მოწყობილი. ასეთი ვითარებაში წინ წასვლა ძალიან რთულია, ჩათვალეთ, რომ თავდასხმის მხარეს ათჯერ მეტი რესურსის გაღება მოუწევს, ვიდრე თავდაცვის მხარეს, ეს კი კონფლიქტის სტაგნაციას იწვევს.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო უპირატესობის მოპოვება უკვე შეუძლებელია, ვინაიდან ორივე მხარეს ათასობით ანტისაჰაერო რაკეტა აქვს განთავსებული მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისად, თვითმფრინავის ოპერირება თითქმის შეუძლებელია. იმავეს თქმა შემიძლია ტანკებზეც, რადგან ყველგან ნაღმებია განთავსებული და ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებს ყოველ ნაბიჯში შეხვდებით, ამიტომ ტანკში ყოფნა სასიკვდილო განაჩენი უფროა, ვიდრე გამარჯვების გზა. ომის ამ ეტაპზე ეფექტიანია მხოლოდ არტილერია, სანგრები და ქვეითი ჯარი, რაც ძალიან ჰგავს პირველი მსოფლიო ომის სცენარს, რომელიც ისტორიაში სანგრების ომის სახელით შევიდა. რუსეთ-უკრაინის ომი სულ უფრო მეტად ემსგავსება პირველ მსოფლიო ომს და რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო რთული იქნება რომელიმე მხარისთვის შეტევაზე გადასვლა, სანგრების ომი კი წლები შეიძლება გაგრძელდეს, ამას ისტორიაც ცხადყოფს.
თუ გახსოვთ, მე პირადად დაახლოებით ერთი წლის წინ დავაყენე მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის საკითხი. მაშინ ვამბობდი, რომ კონფლიქტი დაახლოებით იქ უნდა გაჩერებულიყო, სადაც იმ დროისათვის ჯარები იდგნენ. როგორც ხედავთ, წელიწადი გავიდა და ჯარები ისევ იქ დგანან, სადაც იდგნენ, ანუ ჩემი პროგნოზი გამართლდა და არცერთ მხარეს სერიოზული პროგრესი არ ჰქონია, ადამიანური დანაკარგი კი ამ დროის განმავლობაში დრამატულად გაიზარდა. მოგეხსენებათ, ამ ომს ბევრი ახალგაზრდა უკრაინელი და რუსი მებრძოლი შეეწირა, რაც სამწუხარო და დასანანია“.
გეოპოლიტიკური მნიშვნელობით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი აშშ-ჩინეთის დაპირისპირებას უკავშირდება, რომელთან დაკავშირებით ამერიკელ მეწარმეს უცნაური პოზიცია აქვს. მასკის შეფასებით, მომავალში ჩინეთის დომინაცია გარდაუვალი იქნება, ამის შეცვლას კი ამერიკა უბრალოდ ვერ შეძლებს.
„ამერიკისა და ჩინეთის შემთხვევა ათენისა და სპარტას დაპირისპირებას ჰგავს. ორივე მხარემ იცის, რომ მათი განვითარების ტრაექტორია ერთმანეთთან შეჯახებისკენაა მიმართული, თუმცა ისინი მაინც არაფერს აკეთებენ ამ მოცემულობის თავიდან ასარიდებლად. პელოპონესის ომი ბერძნულ სამყაროში ჰეგემონიის მოპოვებისათვის გაიმართა, ამერიკა-ჩინეთის დაპირისპირება კი გლობალური დომინაციისათვის მიმდინარეობს და მისი შეჩერების მარტივი გზა არ ჩანს.
1890 წლიდან მოყოლებული, ამერიკა ეკონომიკური, გეოპოლიტიკური და სამხედრო სუპერძალაა, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში თანასწორი კონკურენტი არ ჰყოლია. ყველა, ვინც დღეს ცოცხალია, ამერიკის დომინაციის პერიოდში დაიბადა და მათ სხვანაირი სამყარო არც არასოდეს უნახავთ. ყველანაირი ომის ფუნდამენტი ეკონომიკურია, ეს ყოველთვის ასე იყო. მომავალში გვექნება ისეთი მოცემულობა, რომ ამერიკა პირველობას დაკარგავს და ჩინეთის ეკონომიკა მასზე ორჯერ ან სამჯერ დიდი იქნება, ანუ სამყარო ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება, რომელშიც ამერიკა არ იქნება ყველაზე დიდი და ძლიერი, როგორც ის საუკუნეების განმავლობაში იყო.
ჩინეთზე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ის გასაოცარი ქვეყანაა, სადაც იმაზე გაცლილებით მეტი ჭკვიანი, ნიჭიერი და მონდომებული ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ამერიკაში ან სხვა ნებისმიერ ქვეყანაში. მოსახლეობასთან ერთად, ჩინეთს თანამედროვე ინფრასტრუქტურაც გამოარჩევს, იქ არსებული გზები, ხიდები, რკინიგზა, ცათამბჯენები თუ მეგაპოლისები გაცილებით უფრო მაღალტექნოლოგიური და ინოვაციურია, ვიდრე ამერიკაში არსებული. ჩინეთს აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ გლობალურ სუპერძალად იქცეს და ქვეყნის მთავრობაც სწორედ ამას ცდილობს. ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ ჩინეთს ზესახელმწიფოდ ქცევა იქამდეც შეეძლო, სანამ ამერიკა დაფუძნდებოდა. მოგეხსენებათ, ის მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოა, მდიდარი კულტურითა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიით. მიუხედავად ყველანაირი შესაძლებლობისა, ისტორიის განმავლობაში ჩინეთი უმეტესწილად შიდა დაპირისპირებასა და სამოქალაქო ომში იყო ჩართული, თუმცა ახლა უკვე ის ერთიანია და ყველა საშუალება აქვს იმისათვის, რომ პლანეტაზე პირველი ადგილიც დაიკავოს.
ჩემი აზრით, ამერიკა-ჩინეთის სამხედრო დაპირისპირება გარდაუვალი არ არის, თუმცა მათ შორის ყველა ფრონტზე კონკურენციის გაჩაღება ნამდვილად გარდაუვალია“.