ფინანსთა მინისტრის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, საქართველომ სანქციების გვერდის ავლის 1 770 შესაძლო შემთხვევა აღკვეთა. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიების შემდეგ BMG-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ საბაჟო სანქციებს და მათზე დაკისრებულ მოვალეობას სანიმუშოდ ასრულებს, ეს აღიარებულია ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნის მიერ. ამ ეტაპზე, სანქციების შემოღებიდან 1 770 შემთხვევაა, როცა სანქციების გვერდის ავლა ხდებოდა და საქართველომ აღნიშნული საქონლის გატარების ოპერაცია ან შეაჩერა, ან უკან გააბრუნა.
გარდა ამისა, 1000 შემთხვევა, როდესაც საბაჟოს მიმართეს ბიზნეს ოპერატორებმა კონსულტაციისთვის. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბიზნეს ოპერატორები ვერ ერკვევიან სანქციების ნაწილში და საბაჟო ორგანოს წინასწარ აცნობებენ პრევენციულად, თუ როგორ უნდა ითანამშრომლოს ბიზნეს სექტორმა სანქციების აღსრულებასთან მიმართებით“, - განაცხადა მინისტრმა.