რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბრიტანელმა ფერმერებმა სასუქში დამატებით €1.7 მილიარდი ევრო გადაიხადეს - 2.5-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე 2022 წლის თებერვლამდე.
Euronews-ის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს ენერგიისა და კლიმატის ორგანიზაციამ (ECIU) გამოიკვლია და დაადგინა, რომ სასუქზე ფასების ზრდამ ხარჯები მილიარდობით ევროთი გაზარდა, რის გამოც ფერმერთა უფრო დიდი ნაწილი გადადის ბუნებრივი ხსნარების გამოყენებაზე.
გამოცემის თანახმად, ბრიტანელმა ფერმერებმა სასუქში 2022 წელს €1.66 მილიარდი, 2023 წელს კი - €1.1 მილიარდი დახარჯეს, რაც 2020 წელს დახარჯულ €550 მილიონს მნიშვნელოვნად აღემატება. ორგანიზაციის გამოთვლებით, 2022 წლის თებერვლის შემდეგ ფერმერებმა იმაზე 2.5-ჯერ მეტი დახარჯეს, ვიდრე ფასების სტაბილურად შენარჩუნების შემთხვევაში მოუწევდათ.
სასუქზე ფასები პიკურ დონეს ჩამოსცდა, თუმცა კვლავ მაღალია და ECIU-ის ინფორმაციით, თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, ფერმერებს 2024 წელს დამატებით €334 მილიონის დახარჯვა მოუწევთ სასუქში, 60%-ით უფრო მეტის, ვიდრე 2020 წელს.
სასუქზე ფასები რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაიზარდა, უპრეცედენტოდ მაღალ დონეს კი 2022 წლის ზაფხულში მიაღწია, როცა სასუქის ღირებულება 2020 წლის საშუალო ფასთან შედარებით გაოთხმაგდა. ფასების ზრდა კი დაკავშირებულია ბუნებრივი აირის ფასებზე, რადგან ხელოვნური სასუქის წარმოება ბუნებრივი გაზის გამოყენებაზეა დამოკიდებული.
სანქციებმა, რუსულ პროდუქტზე დამოკიდებულების შემცირებამ და ზოგადმა დეფიციტმა ბუნებრივ გაზზე ფასები შესამჩნევად გაზარდა, ანალიტიკოსები კი ვარაუდობენ, რომ ფასები მაღალ ნიშნულზე მთელი ათწლეულის განმავლობაში შენარჩუნდება.