“მოსკოვი სრულად მისაღწევად მიიჩნევს საავტომობილო და სარკინიგზო ტრანზიტის დაწყებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით”, - ამის შესახებ TASS-თან ინტერვიუში დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა განაცხადა.
"რუსეთსა და სომხეთს შორის აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს გავლით სატრანზიტო კომუნიკაციის საკითხი პერიოდულად განიხილება ერევანთან კონტაქტების დროს, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ობიექტური ინტერესია დამატებითი სატრანსპორტო დერეფნების გახსნა, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს საქართველოს სამხედრო გზატკეცილთან ერთად დააკავშირებს. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ხელს შეუწყობს რეგიონის სატრანსპორტო, ლოგისტიკური და სატრანზიტო პოტენციალის გამოვლენას და იმუშავებს სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყნის ინტერესებისთვის. მიგვაჩნია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა სრულად მიღწევადია თუ ყველა დაინტერესებული მხარე იხელმძღვანელებს პრაგმატული ინტერესებით და რეგიონში არსებულ რეალობას გაითვალისწინებს", - განაცხადა გონჩარმა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორი აცხადებს, რომ რუსეთი მიზნად ისახავს ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გრძელვადიანი სამოკავშირეო ურთიერთობების დამყარებას.
მისი თქმით, რუსეთი 26 აგვისტოს ღონისძიებისთვის, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავი აღინიშნება, სერიოზულად ემზადება.
“დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების, უსაფრთხოების განმტკიცებისა და ეკონომიკის განვითარების საქმეში დიდი გზა გაიარეს. რუსეთი ამის ხელშეწყობას აგრძელებს. მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგები. ამ წლების განმავლობაში, რესპუბლიკების მშპ გაორმაგდა. 2022 წელს მან შეადგინა 45 მილიარდ რუბლზე მეტი აფხაზეთში და, დაახლოებით, 7 მილიარდი რუბლი – სამხრეთ ოსეთში. სავაჭრო ბრუნვა სტაბილურად იზრდება, ჰუმანიტარული და ტურისტული კონტაქტები ფართოვდება. რუსეთი მიზნად ისახავს გრძელვადიანი სამოკავშირეო ურთიერთობების დამყარებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოძმე ხალხებთან, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს ხანგრძლივი ისტორიული კავშირები. ეს პოზიცია არ ექვემდებარება გადასინჯვას”, - აღნიშნა გონჩარმა.
დენის გონჩარის განცხადებით, “აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საერთაშორისო კავშირების გაფართოებაზე მუშაობენ”. მისი თქმით, მიუხედავად პროცესისთვის ხელის შეშლისა, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი გადახედვას არ ექვემდებარება
“ჩვენთან მჭიდრო კოორდინაციით, რესპუბლიკები მუშაობენ საერთაშორისო კავშირების გაფართოებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობენ, საღი აზრი მაინც ჭარბობს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი გადახედვას არ ექვემდებარება, მას არაერთი სახელმწიფო აღიარებს, სხვა ქვეყნებთან არის კონტაქტები სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს წრეების მეშვეობით. ასეთი დაინტერესებული ურთიერთქმედების ბოლო მაგალითებია, ივლისში აფხაზი და სამხრეთ ოსი ოფიციალური პირების მონაწილეობა ნიკარაგუაში, სადღესასწაულო ღონისძიებებში. ვიცით, რომ სოხუმი და ცხინვალი 26 აგვისტოს უცხოეთიდან სტუმრებს ელოდებიან”, - განაცხადა გონჩარმა.