რუსეთის ფედერაციის მთავრობა ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვის შექმნას გეგმავს. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი უკვე დარეგისტრირებულია და დამტკიცების შემთხვევაში, ის ფინანსთა სამინისტროს ბიტკოინის რეზერვის შექმნას დაავალებს, რაც რუსეთისთვის უპრეცედენტო მოვლენა იქნება.
ზოგადად, სტრატეგიული რეზერვი არის კრიტიკული რესურსის მარაგი, რომელსაც კრიზისულ ვითარებაში ან მწვავე დეფიციტის დროს იყენებენ. ყველაზე ცნობილი მაგალითი აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული რეზერვია, რომელიც 1975 წელს შეიქმნა, არაბული ემბარგოს შემდეგ. წლების განმავლობაში, ამერიკის პრეზიდენტებმა ნავთობის რეზერვი არაერთხელ გამოიყენეს, რათა ბაზარზე სტაბილურობა შეენარჩუნებინათ და ენერგეტიკული კრიზისი თავიდან აერიდებინა.
ნავთობთან მიმართებით თუ ყველაფერი გასაგებია, იმავეს ვერ ვიტყვით კრიპტოვალუტაზე. ექსპერტების მოსაზრებები განსხვავებულია იმაზე, საერთოდ არის თუ არა საჭირო მსგავსი აქტივის შენახვა სახელმწიფო ხაზინაში. ცხადია, აქვე, ჩნდება შეკითხვა, თუ რისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვი? - როგორც კანონმდებლები ამბობენ, ბიტკოინის რეზერვი რუსეთს გლობალურ ბაზარზე ლიდერობის მოპოვებაში დაეხმარება, განსაკუთრებით ამერიკასთან და ევროპასთან კონკურენციის პირობებში. ამ ინიციატივის მხარდამჭერები ასევე აღნიშნავენ, რომ ბიტკოინის რეზერვი, რომლის ღირებულება, გრძელვადიან პერსპექტივაში გაიზრდება, ქვეყანას ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაში დაეხმარება, რაც ეროვნულ ვალუტას გაამყარებს.
სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბიტკოინს არ გააჩნია ფუნდამენტური ღირებულება და ის არ არის კრიტიკული მნიშვნელობის რესურსი ქვეყნის ეკონომიკისთვის. მათი თქმით, ბიტკოინი ჯერ კიდევ ახალი და არასტაბილური აქტივია, რომელთან მიმართებით გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება ზედმეტად რთულია.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი არ არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვის შექმნას გეგმავს. როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტსაც გადაწყვეტილი აქვს მსგავსი ნაბიჯის გადადგმა. თუკი დონალდ ტრამპი როგორღაც მოახერხებს რეზერვის შექმნას, მაშინ ის თავდაპირველად შევსებული იქნება იმ ბიტკოინით, რომელიც აშშ-ის მთავრობამ კრიმინალური დაჯგუფებებიდან ამოიღო. ამჟამად კრიმინალებზე ჩამორთმეული ბიტკოინის მარაგი დაახლოებით 200,000 კოინს შეადგენს, რომლის ღირებულებაც თითქმის 21 მილიარდ დოლარს შეადგენს. ტრამპის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, ეს მარაგი შეიძლება გახდეს სტრატეგიული რეზერვის საწყისი წერტილი, თუმცა გაურკვეველია, რა სამართლებრივი პროცედურები იქნება საჭირო ამ ჩამორთმეული კრიპტოაქტივის ფედერალურ ხაზინაში გადასატანად.
ასევე უცნობია, აპირებს თუ არა ამერიკის მთავრობა მარაგის გაზრდას ბიტკოინის პირდაპირი შესყიდვის გზით. ამ ტიპის ტრანზაქციებისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს სახაზინო ობლიგაციების გამოშვება, თუმცა ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მთავრობას შეუძლია გაყიდოს ოქროს რეზერვების ნაწილი და მიღებული თანხით შეიძინოს ბიტკოინი. ამჟამად ვაშინგტონში ყველაზე მკაფიოდ განსაზღვრული ინიციატივა რესპუბლიკელი სენატორის, სინტია ლუმისისგან მოდის, რომელმაც პირადად ფლობს კრიპტოაქტივს. ივლისში მან ახალი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც ფედერალური ხაზინის მიერ რეზერვის შექმნას ითვალისწინებს. ლუმისის გეგმის მიხედვით, ხაზინა ყოველწლიურად შეიძენს 200,000 ბიტკოინს ხუთი წლის განმავლობაში, სანამ მარაგი ერთ მილიონ ტოკენს არ მიაღწევს, რაც ბიტკოინის გლობალური მიწოდების დაახლოებით 5% იქნება. გეგმის თანახმად, ხაზინა ამ ტრანზაქციებს საბანკო დეპოზიტებისა და ოქროს გაყიდვის მეშვეობით დააფინანსებს. შესყიდვის შემდეგ, ბიტკოინის რეზერვი მინიმუმ 20 წლის განმავლობაში ხელუხლებლად დარჩება, მას შემდეგ, მთავრობა თავად გადაწყვეტს, თუ რა მოუხერხოს ამ აქტივს.
თუკი ამერიკაში არსებობს საფუძვლიანი შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, შეუძლია თუ არა დონალდ ტრამპს მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და აქვს თუ არა მას ამის უფლება, რუსეთში საქმე გაცილებით მარტივადაა. თუკი ვლადიმირ პუტინის მხრიდან პოლიტიკური ნება იქნება, მაშინ მთელი კანონმდებლობა ერთ დღეში შეიცვლება და ბიტკოინის ისევე გახდება სტრატეგიული რეზერვის ნაწილი, როგორც ეს ერთ დროს ოქროსთან მიმართებით მოხდა.
აქვე, უნდა ითქვას ისიც, რომ რუსეთი მხოლოდ რეზერვის შექმნით არ შემოიფარგლება. როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რუსეთმა საგარეო ვაჭრობაში ბიტკოინის გამოყენება ოფიციალურად დაიწყო. როგორც რუსეთის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, ბიტკოინის გაკონტროლება და მისი ტრანზაქციების შეჩერება არავის შეუძლია - არც ამერიკას და არც ევროპას, ამიტომ, SWIFT-ის ალტერნატივად მოსკოვი ახლა სწორედ კრიპტოვალუტას განიხილავს.
როგორც ოფიციალური წყაროები ამბობენ, სატესტო რეჟიმში რამდენიმე ტრანზაქცია უკვე განხორციელდა და 2025 წლიდან რუსეთი სრულად დაიწყებს ბლოკჩეინის პოტენციალის ათვისებას. ამ შემთხვევაში, საუბარია როგორც კომპანიებს შორის განხორციელებულ ტრანზაქციებზე, ასევე სახელმწიფოთა შორის ვაჭრობაზე, მათ შორის, ჩინეთთან, ინდოეთთან და თურქეთთან მიმართებით. ტრანზაქციებში ბიტკოინის გამოყენების საჭიროება რუსეთს ახალი სანქციების გამო გაუჩნდა, რომელთა ამოქმედების გამო, აზიურმა ბანკებმა რუსეთთან ტრანზაქციები შეწყვიტეს, ალტერნატივად კი სწორედ ბიტკოინი დარჩა, რომელსაც არც არავის ნებართვა სჭირდება და არც სანქციები აჩერებს.
ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, მსხვილი რუსული კომპანიები უახლოეს მომავალში მიიღებენ დაწვრილებით ინსტრუქციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გადაეწყონ კრიპტო ტრანზაქციებზე და რა უნდა გაითვალისწინონ გზავნილების მიღება-გაგზავნისას.
რუსეთის მთავრობაში იმასაც ამბობენ, რომ საერთაშორისო ტრანზაქციებში ბიტკოინის გამოყენება კიდევ უფრო მეტად გაართულებს რუსეთის საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვებას, რაც დასავლეთს სანქციების აღსრულებას გაურთულებს. თავად ამ მოცემულობას ის ფაქტი განაპირობებს, რომ ბიტკოინის გაგზავნა ანონიმურადაა შესაძლებელი და არც ისაა ცნობილი, თუ ვინ ფლობს საფულეს ან რატომ აგზავნის კრიპტოვალუტას, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ საგარეო ვაჭრობაში ბიტკოინის გამოყენება მონიტორინგს შეუძლებლად აქცევს.
უკვე დიდი ხანია, რაც კრიპტოვალუტების ამ უპირატესობით ჰაკერები, თაღლითები და ტერორისტები აქტიურად სარგებლობენ, ახლა უკვე ანონიმური აქტორების ლეგიონს რუსეთი და მისი სავაჭრო პარტნიორებიც შეუერთდებიან.
აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მთავრობას სანქციებისგან ადგილობრივი ციფრული პლატფორმებისა და კრიპტო კომპანიების დაცვა სურს. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ახალი რეგულაცია მიიღო, რომელიც კრიპტო და ციფრული აქტივების ინდუსტრიაში არსებული კომპანიებისთვის აუქმებს პერიოდული ანგარიშგების წარმოდგენის და მონაცემების გასაჯაროების ვალდებულებას. კანონპროექტის ინიციატორების შეფასებით, აღნიშნული ცვლილება შეამსუბუქებს რეგულატორულ წნეხს ციფრულ ინდუსტრიაში წარმოდგენილ კომპანიებზე, გარდა ამისა, დასავლეთის მიერ მათი აღმოჩენა და იდენტიფიცირება მნიშვნელოვნად გართულება, რაც მათ სანქციების თავიდან არიდების საშუალებას მისცემს.
მართალია, 2-3 წლის წინ, რუსეთის ცენტრალური ბანკი ციფრული აქტივების აკრძალვას მოითხოვდა, მაგრამ ახლა უკვე ის პრო-კრიპტო რეგულაციებს იღებს და მოქალაქეებს, როგორც კრიპტოაქტივების ფლობის, ასევე მაინინგის საშუალებას აძლევს.