უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი ეკონომიკურ იზოლაციაში მოექცა, რის გამოც ჩინეთზე გახდა დამოკიდებული, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“რუსეთი სტრატეგიულ მიზნებს ვეღარ აღწევს, რაც, პირველ რიგში, მის სამხედრო წარუმატებლობაში გამოიხატება. ამასთან, რუსეთის მარცხი ეკონომიკურიცაა, რადგან ახლა, რუსეთი ჩინეთზე გახდა დამოკიდებული, ხოლო უკრაინა ისე ახლოსაა ევროკავშირთან, როგორც არასდროს”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ის, რასაც ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რიცხვებითაც დასტურდება, რადგან, როგორც ცნობილია, ბოლო წლებში, რუსული ნავთობისა და გაზის, ანუ რუსეთის მთავარი საექსპორტო საქონლის ძირითადად ბაზრად სწორედ ჩინეთი ჩამოყალიბდა, რომელიც რუსულ ენერგომატარებლებს სანქციების მიუხედავად, შედარებით დაბალ ფასად ყიდულობს და ამით, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებაში დიდ როლს ასრულებს, რადგან მოცულობით ყველაზე მეტ გადასახადს რუსეთში სწორედ ენერგეტიკული კომპანიები იხდიან. შედეგად, ქვეყნებს შორის ბრუნვის მაჩვენებელმა 2023 წელს $200 მილიარდს მიუახლოვდა, რაც ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ქალაქ დავოსში “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი” იმართება, რომელსაც ქვეყნების ლიდერები, საერთაშორისო კორპორაციების დამფუძნებლები, ბიზნესლიდერები, აკადემიური წრეებისა და პოპულარული კულტურის წარმომადგენლები ესწრებიან. დავოსის “მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე” საქართველო ოფიციალური დელეგაციითაა წარმოდგენილი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. ფორუმი 15 იანვარს დაიწყო და 19 იანვარს დაიხურება.