მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი დღეიდან ხორბლის საექსპორტო ბაჟს 11.3%-ით ზრდის

63f5e4dee1826
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.23 13:51
1279
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 1 ტონა ხორბლის საექსპორტო ბაჟი 5 177.2 რუბლით განისაზღვრება, ნაცვლად არსებული 4 653.5 რუბლისა, რომელიც აქტიური 15 თებერვლიდან იყო.

ქერზე არსებული ბაჟი 3 209.1 რუბლიდან 3 717 რუბლამდე, სიმინდზე მოქმედი ბაჟი კი 1 670-დან 2 199.7 რუბლამდე გაიზრდება. ახალი ტარიფები 28 თებერვლის ჩათვლით იმოქმედებს.

საექსპორტო გადასახადი საქონლის საინდიკაციო ფასებიდან დგება, რაც ერთ ტონა ხორბალზე 304.8 დოლარს (ნაცვლად არსებული 306.2 დოლარისა), ქერზე 261.1 დოლარს (261.1 დოლარი), ხოლო სიმინდზე 231.6 დოლარს (230 დოლარი) შეადგენს.

ცნობისთვის: 2022 წლის 6 ივლისიდან საექსპორტო ბაჟი რუბლში ანგარიშობენ, რადგან 2022 წლის 30 ივნისს მთავრობამ ბაჟის დოლარიდან რუბლში გადაყვანის განკარგულება გამოსცა.

რუსეთმა მარცვლეულზე საექსპორტო ბაჟი 2021 წლის 2 ივნისს აამოქმედა. ის ყოველკვირეულად საინდიკაციო ფასებიდან გამომდინარეობს, რომელიც მოსკოვის ბირჟაზე დარეგისტრირებული საექსპორტო ხელშეკრულებების ფასებს ეფუძნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის ხორბლის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. 2022 წლის მონაცემებით, ამ ბაზარზე დამოკიდებულება 95.1% იყო. გასულ წელს ქვეყანაში ხორბლის იმპორტი შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკით, იმპორტირებული ხორბლის ღირებულება 2021 წელთან შედარებით, 30.6%-ით, ხოლო მოცულობა 49.8%-ით ნაკლებია. შესაბამისად, გასულ წელს 184 063 ტონა ხორბლის შესაძენად საქართველოდან 65.7 მლნ დოლარი გავიდა.

რაც შეეხება რუსეთს, ამ პერიოდში საქართველომ რუსეთიდან 61.6 მლნ დოლარის 174 132 ტონა ხორბალი შეიძინა. ხორბალი და მესლინი რუსეთიდან იმპორტირებული უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფების ხუთეულში მეხუთე ადგილზეა. ამ ბაზრიდან საქონლის იმპორტი კი 12 თვის ჭრილში ღირებულების მიხედვით 29.4%-ითაა შემცირებული, მოცულობის მხრივ კლება 48%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები