არ შეიძლება ამას რომ უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს - ასე აფასებს რუსეთში დაანონსებულ დღგ-სა და აქციზის გადასახადის გაზრდას ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ასკანელის“ დირექტორი.
მომავალი წლიდან რუსეთი, რომელიც ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარია, დღგ-ის 20%-დან 22%-მდე გაზრდას და აქციზის მატებას განიხილავს. კერძოდ, 2026 წელს, მშრალ ღვინოებზე აქციზის გადასახადი, ამჟამად არსებული 113 რუბლიდან სავარაუდოდ, 148 რუბლამდე გაიზრდება, ხოლო ცქრიალა ღვინოებზე - 125 -დან 160 რუბლამდე. განიხილება აქციზის ზრდა სპირტიან სასმელებზეც.
ირაკლი უგლავა ფიქრობს, რომ გადასახადების მატება განსაკუთრებით დაბალფასიან სუფრის ღვინოებზე აისახება, რომლებიც რუსეთში პოპულარულია და რომელთა ფასიც ამჟამად, თაროზე 450-დან 550 რუბლის ანუ 6-6.5 დოლარის ფარგლებშია.
„რეალურად, შესაძლოა მოხდეს 100 რუბლით მატება, ანუ თითქმის დოლარზე მეტით მოიმატებს ერთი ბოთლის ფასი, რაც დაახლოებით 20%-იანი მატებაა და ჩემი აზრით, ამ კატეგორიის, დაბალფასიან ღვინოებს ძალიან გაუჭირდებათ. დღეს "ასკანელის" ღვინოები, 550 რუბლი- 1300 რუბლის კატეგორიაში მერყეობს. ანუ გაცილებით მაღალ საფასო სეგმენტში, იქ ასეთი დიდი გავლენა არ ექნება. მყიდველი, რომელიც მზადაა 12 დოლარი გადაიხადოს ღვინოში ერთი დოლარით მომატებას შეიძლება დიდი გავლენა არ ჰქონდეს. თუმცა, აქციზის წინა მატებამაც აჩვენა, რომ გაძვირებამ სწორედ დაბალფასიანი ღვინოების გაყიდვებზე იმოქმედა უარყოფითად“, - აღნიშნავს ირაკლი უგლავა.
ის, რომ ქართული ღვინისთვის რუსეთის ბაზარზე გამოწვევებია, 2025 წელი ნათლად აჩვენებს. გასულ წელს აქციზის გასამმაგებამ რუსეთში ღვინის ექსპორტი მკვეთრად შეამცირა. „საქსტატის“ მონაცემებთ, 8 თვეში საქართველოდან ექსპორტზე სულ 165.5 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, საიდანაც 103 მილიონი დოლარი, ანუ 62% რუსეთზე მოდიოდა. გასულ წელს აქციზის ზრდის ფონზე, წელს რუსეთში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 24%-ით არის შემცირებული, რამაც ღვინის საექსპორტო კალათაში ჯამში 16%-იანი კლებაც განაპირობა.
ქართული ღვინისთვის არასახარბიელოა ის ტენდენციაც, რომ ღვინის ექსპორტის რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი პოლონეთში გაყიდული ღვინიდან მიღებული შემოსავალი თითქმის 9-ჯერ ნაკლებია რუსეთის მაჩვენებელზე. კიდევ უფრო მეტია სხვაობა რუსეთსა და ათეულში მყოფ სხვა ქვეყნებს შორის. მთლიანობაში, რუსეთში იმაზე 1.6-ჯერ მეტი ღვინო იყიდება, ვიდრე ყველა სხვა ბაზარზე ერთად აღებული.
„რეალურად, 6 თვის შედეგებით, რუსეთში თაროდან გაყიდული ქართული ღვინო 12.5%-ით არის შემცირებული. აი, ასეთი გავლენა ჰქონდა რეალურად სექტორზე (აქციზის გაძვირებას). შარშანდელი მონაცემებით, დაახლოებით, რაოდენობაში ქართული ღვინის 68% რუსეთში გაიყიდა. ამიტომ მოცულობაში ძალიან დიდია დანაკლისი. 2024 წელთან შედარებით, წელს, დაახლოებით 11-12 მილიონი ბოთლით ნაკლების გაყიდვაზე ვსაუბრობთ. მნიშვნელოვანია, რომ სიდიდით მეორე ბაზარზე - პოლონეთში, დაახლოებით 9 მილიონი ბოთლზე გადის. ანუ, პრაქტიკულად, ღვინის რეალიზაციის მხრივ სიდიდით მეორე ბაზრის ტოლი მოცულობა დავკარგეთ წელს რუსეთში, რასაც რა თქმა უნდა, უარყოფითი გავლენა აქვს სექტორზე“, - აღნიშნავს ირაკლი უგლავა.
„ასკანელის“ დირექტორი რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას. კვლევები აჩვენებს, რომ ღვინის გაძვირება მომხმარებლებს უბიძგებს უფრო დაბალფასიანი ალტერნატივები ეძებოს. მაგალითად, როგორიცაა მაღალ სპირტიანი (არაყი) სეგმენტი.
„ღვინოს მოაკლდა რეალურად მომხმარებელი იმის ხარჯზე, რომ უფრო დაბალფასიანი ალკოჰოლის, არყის მოხმარება დაიწყეს. სამწუხაროდ, მაქვს მოლოდინი, რომ 2026 წელიც არ იქნება კარგი ამ კუთხით“, - აღნიშნავს ღვინის მწარმოებელი.
რუსეთში ღვინის რეალიზაციის შემცირების ფონზე ქართველი მწარმოებლები ალტერნატიულ ბაზრებზე გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობენ. „ასკანელის“ დირექტორი ამბობს, რომ არაერთ ბაზარზე ცდილობენ ფეხის მოკიდებას, მათ შორის, მუშაობენ ჩინეთსა და იაპონიაში ექსპორტის გაზრდისთვის. ირაკლი უგლავა მიიჩნევს, რომ საქართველოს შეუძლია უკეთ პოზიციონირება აშშ-სა და ევროპაშიც, სადაც ქართული ღვინის წილი მცირეა და ზრდის პერსპექტივა არსებობს.
„ზოგადად, ღვინის მოხმარება მსოფლიოში მცირდება, თუმცა ყურადღება უნდა მივაპყროთ ალბათ იმ ბაზრებს, სადაც იცნობენ ქართული ღვინოს. ევროპულ და ამერიკულ ბაზრებს, რომლებიც მაღალ შემოსავლიანია. იაპონიის, ჩინეთის ბაზარს ვუყურებთ. ამერიკის და ევროპის ბაზარზე ცუდად ვართ წარმოდგენილები. ეს ბაზრები დიდია, ჩვენი მოცულობები კი, იმდენად მცირე, რომ მაინც არის შესაძლებელი იქ ჩვენი ადგილი ვიპოვოთ, პოპულარობის და ცნობადობის გაზრდის ხარჯზე და გარკვეულად დავაკომპენსიროთ (რუსეთი). რა თქმა უნდა, სრულ კომპენსირებას, თან ასე მოკლე დროში, ამ დანაკლისის შევსებას ვერ მოვახერხებთ. თუმცა მეტ გზას ვერ ვხედავ", - ამბობს უგლავა.




























