რუსეთი წუხელ კიევსა და ლვოვს დაესხა თავს. რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას სულ მცირე შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი ემსხვერპლა. ამის შესახებ უკრაინის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იუწყებიან.
აღსანიშნავია, რომ უკრაინა რუსეთის შეტევას ელოდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე განაცხადა, რომ რუსეთი „მასშტაბური შეტევისთვის“ ემზადებოდა და მოსახლეობას საჰაერო განგაშის სიგნალების გათვალისწინებისკენ მოუწოდა. როგორც მან განაცხადა, „არსებობდა მაღალი ალბათობა, თავდასხმა სწორედ ღამით განხორციელებულიყო“.
კიევში, დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად ღამით ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამ არასაცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა.
აფეთქებების ხმა ისმოდა ლვოვშიც. ქალაქის მერის ანდრიი სადოვოის ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
გარდა ამისა, ცენტრალური უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰის მახლობლად მდებარე სოფელში ბალისტიკური რაკეტა კერძო საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი, მათ შორის 5 და 12 წლის გოგონები დაიღუპა. რამდენიმე სხვა ქალაქიც თავდასხმის ქვეშ მოექცა, ხოლო რაკეტებმა დასავლეთ უკრაინამდეც მიაღწია.
საპასუხოდ, პოლონეთმა პრევენციული ზომის ფარგლებში სამხედრო ავიაცია აამოქმედა. ამის შესახებ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადეს.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ბოლო პერიოდში საერთაშორისო პარტნიორებს არაერთხელ მოუწოდებდა, გააძლიერონ კიევის ანტიბალისტიკური საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები. Patriot ერთ-ერთია იმ რამდენიმე საჰაერო თავდაცვის სისტემიდან, რომელსაც ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება შეუძლია. ბოლო პერიოდში რუსეთი სწორედ ამ ტიპის რაკეტებს სულ უფრო ხშირად იყენებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებისას.




























